კვერცხის იმპორტი

სურსათის ეროვნული სააგენტო: კვერცხის იმპორტზე არანაირი აკრძალვა არ დაწესებულა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კვერცხის იმპორტის შეჩერებაზე არავითარი ბრძანება და განკარგულება არ გაცემულა.
სააგენტოს განცხადებით, ბოლო დროს პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კვერცხის იმპორტის შეჩერება დაკავშირებულია მთავრობის გადაწყვეტილებითა და ბიზნესში მისი შესაძლო ჩარევით. სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ კვერცხის იმპორტის შეჩერებაზე არავითარი ბრძანება და განკარგულება არ გაცემულა.

"იქიდან გამომდინარე, რომ საერთაშორისო ბაზარზე და შესაბამისად, კვერცხის ძირითად მომწოდებელ ქვეყნებში - თურქეთში, უკრაინასა და მოლდოვაში კვერცხის ფასი გაიზარდა, საქართველოში მკვეთრად შემცირდა კვერცხის იმპორტი. გარდა ამისა, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებითა და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის მიზნით (საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის #90 დადგენილებაში 2013 წლის 17 მაისს შეტანილი ცვლილების საფუძველზე), სავალდებულო გახდა თითოეული კვერცხის მარკირება (მწარმოებელი ქვეყნისა და წარმოების თარიღის აღნიშვნით).  სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ განმარტავს - კვერცხის იმპორტზე არავითარი აკრძალვა და შეზღუდვა არ დაწესებულა და სურვილის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ნებისმიერ მეწარმეს შეუძლია, აწარმოოს კვერცხის იმპორტი" - აცხადებს  სურსათის ეროვნული სააგენტო.

ცნობისთვის, ეკონომიკის სამინისტრო ახალ კანონპროექტზე მუშაობს - ვაჭრობაში დაცვითი ღონისძიებების შემოღების შესახებ. კანონპროექტის მიზანია "ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოდინებული გაზრდილი იმპორტისგან, ისეთი რაოდენობით და ისეთ პირობებში, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს ან ქმნის სერიოზული ზიანის მიყენების საფრთხეს მსგავსი და პირდაპირ კონკურენტული საქონლის ადგილობრივ მწარმოებლებისთვის". ინიციატივის მომხრეები კანონპროექტს მხარს უჭერენ და აცხადებენ, რომ მსგავსი ზომებისთვის მთავრობას ადრეც უნდა მიემართა, ხოლო მოწინააღმდეგეები მოსალოდნელ საფრთხეებზე ამახვილებენ ყურდაღებას.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად, მომხმარებლის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით, საქართველოში ფრინველის კვერცხის იმპორტი უკვე სამი თვეა შეჩერებულია. კვერცხის თემა საქართველოში ბოლო დროს ძალიან აქტუალური იყო და სხვადასხვა ჯგუფები ამ ბიზნესით პრემიერმინისტრის მრჩევლის გია ხუხაშვილის დაინტერესებაზე მიუთითებდნენ. საქმე ის არის, რომ 1 ივნისიდან კვერცხის მარკირება სავალდებულო გახდა. სურსათის უვნებლობის სამსახურმა კვერცხის იმპორტზე ნებართვები ბოლოს 2013 წლის ივლისში გასცა: 8 ივლისს 302 400 ცალი კვერცხი შემოვიდა საქართველოში მოლდოვიდან, ხოლო 25 ივლისს - 3 024 000 ცალი კვერცხი. სურსათის უვნებლობის სამსახურში არ გასცემენ ინფორმაციას იმ კომპანიების შესახებ, რომლებმაც ამ პერიოდში კვერცხი შემოიტანეს საქართველოში. იმპორტის აკრძალვის შემდეგ, კვერცხის ფასმა 3-4 თეთრით მოიმატა. სავაჭრო ქსელში ადგილობრივი, მარკირებული კვერცხის ფასი 29-30 თეთრია. სუპერმარკეტებში ამბობენ, რომ ზაფხულში კვერცხის ფასი საცალო ქსელში 25-26 თეთრი იყო.

კომენტარები