ორ კვირაში ვილნიუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გაიმართება - საქართველო სამიტზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პარაფირებას მოახდენს.
დღემდე გაურკვეველია უკრაინის ბედი - შესაძლოა, უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას ხელი არ მოეწეროს. მიზეზი ყოფილი პრემიერის, იულია ტიმოშენკოს პატიმრობაში დატოვებაა. გუშინ უკრაინის რადამ ჩააგდო კანონი, რომელიც ტიმოშენკოს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გამგზავრების საშუალებას მისცემდა. ევროკავშირის პოზიცია უცვლელია - თუ უკრაინა ყოფილ პრემიერს პატიმრობაში დატოვებს, მასთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი არ მოეწერება. უკრაინის ოპოზიცია ხელისუფლებას ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შეცვლასა და კრემლისკენ შებრუნებაში ადანაშაულებს.
ვილნიუსის სამიტი და რუსეთის საკითხი მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, ისევე, როგორც უკრაინასთან პარალელები. სწორედ ამ საკითხებზე ვსაუბრობთ ჩვენს სტუმარებთან - არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მრჩეველთან საგარეო საქმეთა საკითხებში ვანო მაჭავარიანთან და ევროკავშირში საქართველოს ყოფილ ელჩთან სალომე სამადაშვილთან.




