პრეზიდენტის ინაუგურაცია

საგარეო უწყება: პრეზიდენტის ინაუგურაციას მაღალი რანგის სტუმრები დაესწრებიან

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას სხვადასხვა ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის პირები დაესწრებიან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არასრული მონაცემების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციას ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე დაესწრება. ასევე, ავსტრიას წარმოადგენს ფედერალური საბჭოს პრეზიდენტი, ჩეხეთის რესპუბლიკას - პარლამენტის ვიცესპიკერი, რუმინეთს, ყირგიზეთს და სომხეთს - საგარეო საქმეთა მინისტრები; პორტუგალიას - ევროპულ საქმეთა სახელმწიფო მდივანი; თურქეთს - შრომისა და სოციალური უსაფრთხოების მინისტრი; იაპონიას - საგარეო საქმეთა ვიცემინისტრი; ყაზახეთს - ვიცეპრემიერი; თურქმენეთს - ეკონომიკის მინისტრი; მოლდოვას - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; კატარის სახელმწიფოს - კულტურის მინისტრი; ირანს - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; ისრაელს კი - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე.

სამინისტროს ცნობით, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად, საქართველოს ასევე ეწვევიან ეუთოს გენერალური მდივანი და NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

საერთაშორისო თანამეგობრობის ის ქვეყნები, რომელთა უმაღლესი თანამდებობის პირები ვერ დაესწრებიან ინაუგურაციის ცერემონიას, წარმოდგენილი იქნებიან ელჩების სახით.

"სტუმართა სია ბოლომდე ცნობილი არ არის, მაგრამ, რასაკვირველია, დიდი ნაწილი უკვე ვიცით. მაგალითად, ვიცით, რომ გვეწვევა ლიტვის პრეზიდენტი. ლიტვა არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და თავისი პრეზიდენტის ჩამოსვლით სწორედ იმ მნიშვნელობას უსვამს ხაზს, რაც საქართველოს ევროკავშირისთვის აქვს. ასევე, ჩამოვლენ ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარე, ყაზახეთის ვიცეპრემეირი, გვეწვევა შვიდი მინისტრი, ბევრი მინისტრის მოადგილე, არის ქვეყნები, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან ელჩების დონეზე. ეს ის ქვეყნებია, რომლებსაც საქართველოში საელჩო არ აქვთ და საქართველოს სხვა ქვეყნებიდან ფარავენ", - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე. 

საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 17 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები