თავშესაფარი მიუსაფართათვის

საპატრიარქო განმარტავს, რატომ ეწინააღმდეგება მიუსაფართა თავშესაფრის გახსნას

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობას მიერ უსახლკარო ადამიანებისთვის თავშესაფრის გახსნის ინიციატივასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, სადაც ფაქტობრივი უზუსტობაა:

"როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობამ განაცხადა, რომ აქვს სურვილი და უკვე შემოწირულობების შეგროვებაც დაიწყეს, მიუსაფარი ბავშვებისთვის თავშესაფრის დასაარსებლად. იდენტობა ჰომოსექსუალთა და სხვა სქესობრივი უმცირესობების უფლებების დამცველი და მათი აქტიური მხარდამჭერია. ბუნებრივია, იქმნება საშიშროება იმისა, რომ მათი "მზრუნველობის" ქვეშ მოქცეულ არასრულწლოვანებთან ცხოვრების ასეთი წესი იქნას წახალისებული ან, რაც ბავშვთა საყოველთაოდ აღიარებული - პირადი ცხოვრების უფლების - დარღვევას წარმოადგენს. ეს კი მიუღებელია, როგორც ეკლესიისათვის, ასევე მთელი საზოგადოებისათვის. აღვნიშნავთ იმასაც, რომ ჩვენ სრულიად ვუჭერთ მხარს ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას და მიგვჩნია, რომ მიუსაფარ ბავშვებზე მზრუნველობა უნდა განხორციელდეს სახელმწიფოსთან კოორდინირებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არა მხოლოდ იდენტობის შეხედულებისამებრ, დამოუკიდებლად, რადგან ამ შემთხვევაში ბავშვების პირად ცხოვრებაზე და არჩევანზე უარყოფითი ზემოქმედების საფრთხე მეტ-ნაკლებად მოხსნილი იქნება", - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

სინამდვილეს არ შეესაბამება საპატრიარქოს განცხადება, რომ იდენტობა აპირებს თავშესაფრის გახსნას მიუსაფარი ბავშვებისათვის. იდენტობას მოახლოვებული ზამთრის პარალელურად სურვილი ჰქონდა გაეხსნა თავშესაფარი უსახლკაროთათვის და არა მხოლოდ ბავშვებისათვის.

"თავშესაფარი არ არის გამიზნული არასრულწლოვანი პირებისათვის, თუმცა იქ შესახლებული ადამიანები შეიძლება იყვნენ პირები, რომლებსაც თან ახლავთ მცირეწლოვანი ბავშვებიც", - აცხადებს იდენტობა. ორგანიზაციისვე განცხადებით, დროებითი თავშესაფრის პროგრამა ითვალისწინებდა ექიმის, იურისტის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკისა და დასაქმების სპეციალისტის, ასევე მოხალისეთა ფართო ჩართულობას ამ ადამიანთა გაძლიერებისათვის, პროფესიული გადამზადებისა და დასაქმებისათვის. თუმცა,იდენტობამ ძალადობის საფრთხის გამო ამ ეტაპზე გადაიფიქრა დროებითი თავშესაფრის გახსნა უსახლკარო ადამიანებისთის. აღნიშნულ საკითხზე ორგანიზაციამ დღეს განცხადებაც გაავრცელა.

 

კომენტარები