თავშესაფარი უსახლკაროთათვის

იდენტობა ძალადობის საფრთხის გამო თავშესაფრის გახსნაზე უარს ამბობს

 

არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობამ ძალადობის საფრთხის გამო ამ ეტაპზე გადაიფიქრა დროებითი თავშესაფრის გახსნა უსახლკარო ადამიანებისთის. ტაბულა ორგანიზაციის განცხადებას ამ საკითხზე უცვლელად გთავაზობთ:

"უსახლკარო ადამიანთა პრობლემა საქართველოში ჯერჯერობით დაუძლეველი სირთულეა

  • საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში უამრავი უსახლკარო ოჯახი ცხოვრობს. მათ არ აქვთ არათუ რაიმე სახის შემოსავალი და თავშესაფარი, არამედ გასულ წლებში ზოგიერთი ასეთი ადამიანი ყინვისგან გარდაიცვალა კიდეც. ოფიციალური სტატისტიკა ქვეყანაში არ არსებობს. ცნობილია, რომ მხოლოდ ქ. თბილისის მერიისთვის სოციალურად დაუცველ 7500-დან 9000 ადამიანამდე აქვს მიმართული.
  • სახელმწიფოს არ აქვს უსახლკარო ადამიანთათვის თავშესაფრები, კერძო სექტორი დახმარების ერთჯერად აქციებს კმაყოფილდება. პრობლემა კი კვლავ გადაუჭრელი რჩება.

იდენტობა თავშესაფრის დაარსების ინიციატივით გამოდის

  • იდენტობას განზრახული აქვს სრული ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამის შემუშავება ოჯახებისათვის, რომლებიც სამუშაოს, შემოსავლის ალტერნატიული წყაროსა და საცხოვრებლის გარეშე არიან დარჩენილნი.
  • თავშესაფარი არ არის გამიზნული არასრულწლოვანი პირებისათვის, თუმცა იქ შესახლებული ადამიანები შეიძლება იყვნენ პირები, რომლებსაც თან ახლავთ მცირეწლოვანი ბავშვებიც.
  • 4-თვიანი პროგრამა ითვალისწინებს ექიმის, იურისტის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკისა და დასაქმების სპეციალისტის, ასევე მოხალისეთა ფართო ჩართულობას ამ ადამიანთა გაძლიერებისათვის, პროფესიული გადამზადებისა და დასაქმებისათვის.

თავშესაფრის ბინადრებს და ორგანიზატორებს ძალადობის საფრთხე დაემუქრა

  • მას შემდეგ რაც ფართო საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი, რომ თბილისში უსახლკარო ოჯახებისთვის თავშესაფარი გაკეთდებოდა, ამ ადამიანებზე ამჯერად მაინც, ყურადღების მიქცევის ნაცვლად, ფოკუსში ორგანიზაცია იდენტობა მოექცა.
  • სახელმწიფოსა და ეკლესიის წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთა რიგი უპასუხისმგებლო, ანტისახლმწიფოებრივი, მიზანმიმართულად მცდარი და სიძულვილით მოტივირებული განცხადებები. როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქეთა ერთი ნაწილი კვლავ ვერ აცნობიერებს პრობლემის სერიოზულობას ან მიზანმიმართულადაა შეცდომაში შეყვანილი. შედეგად, სახეზეა მდგომარეობა, როდესაც დახმარების ნაცვლად, ყველაზე მიუსაფარი ადამიანებისთვის კვლავ რეალურია სიცივით თბილისის ქუჩებში გარდაცვალების საფრთხე.
  • მრავლად გაისმა თავშესაფარსა და ორგანიზატორებზე თავდასხმის მუქარა. 17 მაისის გამოცდილების გათვალისწინებით, ეს ამ ეტაპზე შეუძლებელს ხდის უსახლკარო ოჯახების დახმარების პროცესის მშვიდობიან და პროფესიონალურ ორგანიზებას.
  • იდენტობას დაუკავშირდნენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმომადგენლები, რომლებიც მათ საცხოვრებელ კორპუსში თავშესაფრის განთავსებას არ დაუშვებენ. მათი განცხადებით, თუ თავშესაფარი დაგეგმილ ადგილზე გაიხსნებოდა, ისინი ყოველდღიურად შეუქმნიდნენ მის ფუნქციონირებასა და მის მცხოვრებლებს პრობლემებს.
  • საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის რიგმა წარმომადგენლებმა და სხვა აგრესიულად განწყობილმა დაჯგუფებებმა, მათ ვინც 17 მაისს ადამიანთა სიძულვილის წინააღმდეგ მიმართული აქცია ძალადობრივად ჩაშალა, საჯაროდ განაცხადეს, რომ არ დაუშვებდნენ აღნიშნული თავშესაფრის ფუნქციონირებას.
  • საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების და მათთან ერთად მედიის წარმომადგენლები კვლავ ლეგიტიმურ მხარედ წარმოაჩენენ ამ მოძალადე დაჯგუფებებს.
  • ვვარაუდობთ, რომ თუ თავშესაფარზე თავდასხმა განხორციელდებოდა, რისი მუქარაც მრავლად გაისმა, სახელმწიფო ზუსტად ისევე არ აღკვეთდა და არ გამოიძიებდა ამ დანაშაულებებს, როგორც ეს 17 მაისის შემდეგ ჩადენილ დანაშაულთა შემთხვევაში მოხდა.
  • მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ინიციატივა სამართლებრივად გამართულია და არ არსებობს კანონი, რომელიც ჩვენ თავშესაფრის დაარსებასა და მართვას აგვიკრძალავდა, ჩვენ ახლა ვერ ვიქნებით დარწმუნებულნი, რომ თავშესაფრის ბენეფიციარების უსაფრთხოება დაცული იქნება.

რას გააკეთებს იდენტობა მომავალში უსახლკარო და მიუსაფარ ოჯახთა დასახმარებლად?

  • იდენტობა გამოხატავს უდიდეს პატივისცემას იმ მოხალისე ადამიანებისა და ორგანიზაციების მიმართ, ვინც უკვე გააკეთა შემოწირულობა თავშესაფრისთვის.
  • ასევე, მოგმართავთ თხოვნით, კვლავ გაგრძელდეს და დაიგეგმოს საქველმოქმედო ღონისძიებები.
  • იმედი გვაქვს, სახელმწიფო, ამჯერად მაინც, ინიციატივას აიღებს და უსახლკარო ადამიანთათვის დააარსებს თავშესაფარს.
  • მოვუწოდებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, ასევე მოქალაქეებს, თავად აიღონ ინიციატივა ხელში და დააარსონ თავშესაფარი უსახლკარო ოჯახებისათვის.
  • მიღებულ შემოწირულობებს, რომელიც ამჟამად ფულადი სახით 939 ლარს შეადგენს, ასევე ტანსაცმელს, რომელიც მოქალაქეებმა ოფისში მოიტანეს, იდენტობა გადასცემს იმ უსახლკარო ადამიანებს, რომელთა დახმარებაც იგეგმებოდა ან სხვა დაწესებულებას, თუ ასეთი უახლოეს პერიოდში ჩამოყალიბდება.
  • იდენტობა უწინდებურად გააგრძელებს უსახლკარო ადამიანთათვის სამართლებრივი, ფსიქოლოგიური და სოციალური მომსახურების შეთავაზებას, ასევე საქველმოქმედო აქციების ორგანიზებას.

განსაკუთრებით გვსურს მოვუბოდიშოთ იმ ადამიანებს, ვინც სახელმწიფოსა და ეკლესიისგან დავიწყებულია და ვისაც იმედი გაუჩნდა, რომ ამ ზამთარს ყინვას გადაურჩებოდა.

ვწუხვართ, რომ ძალადობრივ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, თქვენ და - ჩვენ.

ვწუხვართ, რომ არც სულიერება და არც ქველმოქმედება ჯერჯერობით უზენაეს ღირებულებას არ წარმოადგენს მისთვის, ვინც ამის საკეთებლად არის შექმნილი - ეკლესიისა და სახელმწიფოსთვის".

კომენტარები