სარჩელი ნანუაშვილის წინააღმდეგ

ნანუაშვილს ყოფილი თანამშრომლები უფლებების დარღვევაზე სასამართლოში უჩივლებენ

radiotavisupleba.ge

პრევენციისა და მონიტორინგის ყოფილი თანამშრომლები ამბობენ, რომ სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში დაახლოებით 60 სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული და საუბრების უკანონო მოსმენა და ჩაწერა მინდინარეობს. მათი თქმით, ამ ჩანაწერების გასაჯაროება სოციალური ქსელით მოხდა და მასში არა მხოლოდ პატიმრები, არამედ პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის წევრები არიან ასახულნი. მსგავსი ჩაწერა და გადაღება კი სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონით იკრძალება.

პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლის ამირან ნიკოლაიშვილის თქმით,”იყო შემთხვევები, როცა პატიმრების ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრები გადიოდა გარეთ, რაც მათ უქმნიდათ უხერხულობას. აღნიშნულის შესახებ მოვამზადე რეკომენდაცია, გავაგზავნე ბატონ უჩასთან ხელმოსაწერად ელექტრონული ბაზით. რამდენიმე დღის შემდეგ დამიკავშირდა სახალხო დამცველის მდივანი და მითხრა, რომ აღნიშნული რეკომენდაციის შინაარსს არ ეთანხმება ბატონი უჩა.”

პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის, ნათია იმნაძეს თქმით კი, ”ბაჩანა ახალაიას კადრები რა პერიოდსაც ეხება, იმ დროს სახალხო დამცველის რწმუნებულებიც იყვნენ მის სანახავად და, სავარაუდოდ, მათი ჩაწერაც ხდებოდა, მათ შორის აუდიო. რაც აბსოლუტურად უკანონოა. ჰქონდა თუ არა პატიმრის თანხმობა დეპარტამენტს, ჩვენი თანამშრომლების ჩაწერა მაინც უკანონო იქნებოდა, იმიტომ, რომ ამას კრძალავს ორგანული კანონი სახალხო დამცველის შესახებ.”

სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე, გრიგოლ გიორგაძე აუდიო და ვიდეო ჩაწერების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს. მისი თქმით, მე-7 საპყრობილეში კამერები განსაკუთრებით რთული პატირმების საკნებთან კანონიერად არის დამონტაჟებული.

”თავის დროზე იქ არსებობდა ფარულად დამონტაჟებული კამერები ვიდეო და ჩვენც, როგორც ყველა მიამრთულებით ვაწესრიგებთ სამართლებრივად საკითხებს, ანალოგიური ვითარება იყო მე-7 საპყრობილეშიც და კანონის სრული დაცვით, პარტიული პატიმრების კოდექსი ამის საშუალებას იძლევა, ჩვენ დავაყენეთ ვიდეოკამერები, ვინაიდან ამ დაწესებულებაში არიან პატიმრები, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ მეთვალყურეობას. ეს მათთვის ცნობილია, მანამდე ეს იყო უცნობი, და როცა შეიძლება კანონიერ მოქმედებებზე გარკვეული პროტესტი გარკვეული პატიმრებისგან მოხდეს, ეს არ ნიშნავს, რომ მათი უფლებები ირღვევა.” - თქვა გიორგაძემ.

სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის ჯგუფის თანამშრომლები უჩა ნანუაშვილმა რამდენიმე დღის წინ მისი დავალებების შეუსრულებლობის გამო დაითხოვა. სახალხო დამცველმა თანამშრომლებს თეა თუთბერიძის ბაჩო ახალაიასთან ვიზიტის გამოც უსაყვედურა. ამ ფაქტს დღეს თავისუფლების და მხარდაჭერის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე გამოეხმაურა. მისი თქმით, ახალაიასთან შეხვედრით კანონი არ დაურღვევია, რადგან თუთბერიძე პრევენციის მექანიზმის ერთ-ერთი ექსპერტია და სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაშიც სწორედ მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდა.

სახალხო დამცველის აპარატის ყოფილი თანამშრომლები საჩივარს ამზადებენ და უფლებების დარღვევის ბრალდებით უჩა ნანუაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ. სახალხო დამცველი ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებს გუშინვე გამოეხმაურა და ისინი მის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში დაანაშაულა. უჩა ნანუაშვილმა გუშინვე განაცხადა, რომ სასამართლოს დასრულებამდე სხვა კომენტარს აღარ გააკეთებს.

კომენტარები