საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

გოგუაძე: პოლიტიკოსთა ჯგუფს უფრო კომფორტული სამეურვეო საბჭოს მოყვანა სურს

allmedia.ge

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ემზარ გოგუაძის განცხადებით, საბჭო საპარლამენტო უმრავლესობის გარკვეული ნაწილის მხრიდან ზეწოლას განიცდის. როგორც გოგუაძემ მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს ოფისის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მიმდინარეობისას ჟურნალისტებს უთხრა, ის კონფერენციაზე ისაუბრებს საზოგადოებრივ მაუწყებელში და მის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე. ასევე, ზეწოლის ფაქტებსა და პარლამენტში ინიცირებულ ცვლილებაზე, რომელიც გოგუაძის შეფასებით, იმ სულსწრაფ გადაწყვეტილებას უკავშირდება, რაც სამეურვეო საბჭოს არჩევის ვადებს ამცირებს.

"ზეწოლა ხდება უმრავლესობის გარკვეული ნაწილის მიერ თავისი ეგოისტური მიზნების გასახორციელებლად. ეს სამეურვეო საბჭო, როგორც ჩანს, საკმაოდ არაკომფორტული არის პოლიტიკოსთა გარკვეული ჯგუფისთვის და მათი სურვილია, რომ უფრო კომფორტული სამეურვეო საბჭო მოიყვანონ. ისეთივე კომფორტული, როგორ კომფორტულ მენეჯმენტსაც ისინი შეჩვეულები და დაჩვეულები არიან საზოგადოებრივ მაუწყებელში. სამეურვეო საბჭოს მოშორება, რაც შეიძლება მალე სურთ", - განაცხადა გოგუაძემ. მისივე თქმით, ადამიანს XXI საუკუნეში მოლოდინი უნდა ჰქონდეს, რომ ქვეყანა ჩალით არ არის დახურული.

"და ვიღაც-ვიღაცეების სურვილზე და ეგოისტურ გადაწყვეტილებებზე არ ტრიალებს ეს ქვეყანა", - აღნიშნა გოგუაძემ. 

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი შემადგენლობის დაკომპლექტების საკითხს საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. პარლამენტის ბიუროზე დარეგისტრირდა მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი. დოკუმენტის მიხედვით, კანონპროექტი, რომელიც 2013 წლის 12 ივლისს დამტკიცდა, 2014 წლის იანვრის ნაცვლად, 2013 წლის დეკემბერში უნდა ამოქმედდეს.

საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, აუცილებელია სამეურვეო საბჭოს ახალი შემადგენლობა შემჭიდროებულ ვადებში დამტკიცდეს. კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილება საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირებას ნორმალურ რეჟიმში დააბრუნებს. შეგახსენებთ, რომ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში 7 წევრი დარჩა და მათ გადაწყვეტილებების მიღება საკმარისი ხმების არარსებობის გამო არ შეუძლიათ.

კომენტარები