ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა

სანიკიძე: ტესტების გავრცელება არ არის ისეთი დარღვევა, რომ ოლიმპიადა ჩაიშალოს

განათლების და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განცხადებით, "რამდენიმე არაკეთილსინდისიერი ადამიანის ქმედების გამო, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა არ უნდა ჩაიშალოს". როგორც მან რუსთავი 2-თან საუბარში თქვა, პრობლემატური არ არის ის, რომ ახლა მეორე ტურში იმაზე მეტი მოსწავლე მოხვდება, ვიდრე ტესტების გავრცელების გარეშე მოხვდებოდა. მისივე თქმით, სამინისტრო ელოდება მონიტორიგის სამსახურის საბოლოო დასკვნას, რათა დადგინდეს, ინტერნეტში ნამდვილად საგამოცდო ტესტები გავრცელდა თუ ნიმუშები.

"რამდენიმე ერთეული ადამიანის არაკეთილსინდისერი ქმედების გამო, ოლიმპიადა არ უნდა ჩაიშალოს. ეს არ არის ისეთი მასშტაბური დარღვევა, რომ პროცესი ჩაშალოს. პირველი ტური არ არის ოლიმპიადა, ეს არის ოლიმპიადის ტურისთვის შესარჩევი ტური. მოსწავლეებს წინ სერიოზული გამოცდები აქვს ჩასაბარებელი და სწორედ მეორე-მესამე ტურში მოხდება მათი სელექცია" - ამბობს სანიკიძე.

ცნობისთვის, ინტერნეტში გავრცელებული ტესტების გამო, გუშინ ქუთაისის N41 ფიზიკა–მათემატიკის სკოლაში რამდენიმე მოსწავლემ პროტესტის ნიშნად მათემატიკის ოლიმპიადა დატოვა. 

8 ნოემბერს Dropbox-ზე მათემატიკის, ბიოლოგიის, რუსულის და ინგლისური ენის ტესტები აიტვირთა.

 

კომენტარები