ჟენევის მოლაპარაკებები

ციხელაშვილი: ჟენევის დისკუსიაზე მავთულხლართებსა და დევნილებზე ვისაუბრეთ

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 25-ე რაუნდზე ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში ქართულმა დელეგაციამ ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხად გამყოფ ხაზზე რუსი სამხედროების მიერ მავთუხლართებისა და ღობეების გავლება დააყენა. 

"გამყოფ ხაზზე მავთუხლართებისა და სხვა ხელოვნური ზღუდეების პრობლემა ამ რაუნდის ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხად დავაყენეთ. აღვნიშნეთ ის მძიმე ჰუმანიტარული შედეგები, რომლებსაც მოსახლეობისთვის ეს ხელოვნური ბარიერები იწვევს. კერძოდ, ადგილობრივებს ეზღუდებათ გადაადგილების თავისუფლება, რის შედეგადაც მათ აღარ აქვთ წვდომა საკუთარ მიწის ნაკვეთებზე, სამედიცინო მომსახურებაზე, სრულფასოვან განათლებაზე, ექმნებათ დამატებითი ეკონომიკური და სოციალური პრობლემები. ამასთან, ხელი ეშლება ხალხთა შორის კონტაქტს. ეს ყველაფერი მძიმედ აისახება მოსახლეობის მდგომარეობაზე. ასევე, ვიმსჯელეთ ადამიანის უფლებების დარღვევებსა და სხვადასხვა ტიპის შეზღუდვებზე, განსაკუთრებით, გალისა და ახალგორის რაიონების ქართული მოსახლეობისათვის. გარდა პრობლემების იდენტიფიცირებისა, ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა შექმნილი ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარების გზების გამონახვისთვის, რასაც დისკუსიების თანამოდერატორებმა მხარი დაუჭირეს", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა და აღნიშნა, რომ ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფმა დევნილების დაბრუნების თემაზეც იმსჯელა.

"ამ თემაზე გაიმართა საფუძვლიანი დისკუსია. აღვნიშნეთ, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ დევნილების დაბრუნების პრობლემის გადაჭრაა. კიდევ ერთხელ დადასტურდა დევნილთა დაბრუნების განუყოფელი უფლება. დღეს ამ თემაზე გამართული დისკუსია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დევნილთა დაბრუნების საკითხი ჰუმანიტარულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი თემაა და ამ ფორმატში აღნიშნულ საკითხს შემდეგშიც აუცილებლად დავაყენებთ", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე ქართულ დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკანიანი ხელმძღვანელობს. დისკუსიების მომდევნო რაუნდი 17-18 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები