მერაბიშვილის საქმე

მოსამართლემ მერაბიშვილის მოთხოვნა პროკურორების აცილებაზე არ დააკმაყოფილა

https://www.facebook.com/Merabishvili.vano?fref=ts

ვანო მერაბიშვილის სასამართლო პროცესი 26 მაისის საქმეზე 19 ნოემბრისთვის გადაიდო. პროცესზე მერაბიშვილმა პროკურორების აცილება მოითხოვა, თუმცა, მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. შუამდგომლობა ყოფილი პრემიერმინისტრის ადვოკატებმა დააყენეს. ადვოკატ ოთარ კახიძის თქმით, მერაბიშვილი მთავრობის ყოფილი წევრია და მის მიმართ დევნა მთავარ პროკურორს უნდა განეხორციელებინა, "ხოლო დღევანდელ პროცესზე მყოფი ბრალდების მხარის წარმომადგენლებიდან არც ერთი არ არის მთავარი პროკურორი".

თავად ვანო მერაბიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი მასზე პირად ანგარიშსწორებას ახორციელებენ, რის გამოც კარგი იქნებოდა თუ საქმეზე არსებული პროკურორები შეიცვლებოდნენ.

“ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ანგარიშსწორების გამო, არ უნდა გაუფუჭდეთ კარიერა ამ ახალგაზრდებს, წავიდნენ ისინი და კარგი იქნება თუ მოვა ასაკოვანი პროკურორი, რომელიც დღე-დღეზე პენსიაზე გავა და სირცხვილისა და დანაშაულის განცდა არ ექნება”, - თქვა მერაბიშვილმა. ბრალდების მხარემ დაცვის მხარის არგუმენტები უსაფუძვლოდ მიიჩნია. 

2011 წლის 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით, მერაბიშვილს ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის წაუყენეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მერაბიშვილს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები