ჟენევის მოლაპარაკებები

გოჩა ლორთქიფანიძე: საოკუპაციო ხაზთან დაფიქსირებულ ფაქტებს რეაგირება სჭირდება

დღეს, შვეიცარიაში ჟენევის მოლაპარაკებების 25-ე რაუნდი იწყება. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძეც მონაწილეობს. სამინისტროს ცნობით, დღევანდელ საინფორმაციო შეხვედრებზე, საერთაშორისო ექსპერტები მოლაპარაკების მხარეებს შეხვდებიან და პრეზენტაციას წარუდგენენ გადაადგილების თავისუფლების შესახებ − როგორია საერთაშორისო-ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების პრაქტიკა ამ საკითხზე. ხვალ კი, სამუშაო ჯგუფების შეხვედრა იგეგმება.

პირველი სამუშაო ჯგუფის შეკრებაზე, მხარეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საკითხს, რუსეთის ფედერაციის მიერ ძალის გამოუყენებლობას და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმებს განიხილავენ. მეორე სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე კი, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა დაბრუნებისა და ცხინვალის რეგიონში წყლისა და ბუნებრივი აირის მიწოდების საკითხებზე ისაუბრებენ. 

"ცხინვალის რეგიონში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ბოლო დროს დაფიქსირებული ფაქტები, როგორებიც არის მავთულხლართების აღმართვა, მოქალაქეებისთვის საკუთრების უფლების ხელყოფა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, ქართული დელეგაციის მხრიდან უდავოდ საჭიროებს რეაგირებას. იმედი მაქვს, ხვალ ამ საკითხების პრინციპულად და სრულფასოვნად განხილვის შესაძლებლობა მოგვეცემა", - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გოჩა ლორთქიფანიძემ.

კომენტარები