ახალი პრეზიდენტი

მარგველაშვილი: საქართველო არის ქვეყანა ევროპული დემოკრატიით

გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილმა BBC-ის რუსულ რედაქციას ინტერვიუ მისცა. მისი თქმით, საქართველო ცდილობს ევროკავშირთან დაახლოებას და, ამასთანავე, ახალი ფორმატის ფარგლებში რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებას.

"რამდენიმე კვირაში ვილნიუსში შედგება სამიტი, სადაც ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ურთიერთობების, ასოცირებული წევრობის და სავაჭრო კავშირების პარაფირებას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს, როგორც ევროპული სახელმწიფოს განვითარებაში. ამასთან, ჩვენ უკვე გვაქვს გარკვეული ფორმატი ტემპერატურის, აგრესიისა და დაძაბულობის დაწევის, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაში. ჩვენ შევქმენით ფორმატი რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის. ზურაბ აბაშიძე მუშაობს რუს პოლიტიკოსებთან სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების გახსნის მიმართულებით... ჩვენ გვაქვს გარკვეული მზადყოფნა, დავწიოთ დაძაბულობა რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობაში. გარკვეულ მომენტში ჩვენ ვიქნებით მზად, უფრო ეფექტურად ვიმუშაოთ ჟენევის ფორმატში, სადაც ქართველი და რუსი დიპლომატები ხვდებიან ჩვენს დასავლელ კოლეგებს და საუბრობენ იმ პრობლემებზე, რომლებიც შეიქმნა 2008 წელს. ასევე იმ რეალობის შესახებ, რომელიც შესაცვლელია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სიტუაციის სტაბილიზაცია მიგვიყვანს რაციონალურ დიალოგამდე ჩვენს ქვეყნებს შორის", - განაცხადა მარგველაშვილმა. 

მან ასევე აღნიშნა, რომ აფხაზი და ოსი მოქალაქეები თავად მოინდომებენ ქართველებთან ცხოვრებას. "ეს საკითხები თავისთავად წყდება დიალოგში იმ მოსახლეობასთან, რომელიც დარჩა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე. ჩვენ გვაქვს რაციონალური მიდგომა ამ პრობლემის გადასაწყვეტად, რომელიც შედგება რამდენიმე პუნქტისგან. პირველ რიგში, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან ამ ტერიტორიების, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების არაღიარების მიმართულებით. ეს მეოცე საუკუნის კონცეფციის შესაბამისობაშია. იმ კონცეფციის, რომლის მიხედვითაც, პატარა ქვეყნები უნდა იყვნენ დაცულნი და მათი ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს აღიარებული მთელი მსოფლიოს მიერ. ერთი მხრივ, ეს არის ის, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, მეორე მხრივ, ჩვენ ვეცდებით დავწიოთ ტემპერატურა, მოვახდინოთ ნეგატიური ფონის სტაბილიზება, რომელიც არსებობს ჩვენსა და მოსკოვს შორის... ჩვენ შევქმნით ისეთ საზოგადოებას საქართველოში, სადაც დაცული იქნება ყველა მოქალაქე, მათ შორის, ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი და ეს არა მხოლოდ კონსტიტუციით იქნება გარანტირებული, არამედ გამოჩნდება პრაქტიკაში. ჩვენ შევქმნით საზოგადოებას, სადაც ჩვენი აფხაზი და ოსი ეროვნების მოქალაქეები ისურვებენ ცხოვრებას. ჩვენ ვიმუშავებთ კომპლექსურად ყველა მიმართულებით, სოხუმის, ცხინვალის, მოსკოვის მიმართულებით, და ჟენევის ფორმატის მიმართულებით. თუ შევძლებთ, რომ მოლაპარაკებათა მაგიდას მივუსხდეთ და გავიაზროთ, რომ არსებული სიტუაცია არ აწყობს არცერთ მხარეს, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მივალთ იმ პრობლემების გადაწყვეტამდე, რომლებიც სამწუხაროდ შეიქმნა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის", - განაცხადა მან. 

მარგველაშვილი BBC-სთან საუბარში ოპოზიციასაც შეეხო. მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა თავად გადაწყვეტს თუ ვინ იქნება პოლიტიკურ ასპარეზზე. 

"საქართველო არის ქვეყანა კონსოლიდირებული ევროპული დემოკრატიით. შეუძლებელია, რომ საქართველოში იყოს მხოლოდ ერთი პარტია. საქართველოში უნდა იყოს სხვადასხვა პარტია და ეს უნდა იყოს დემოკრატიული პროცესი. ამ ასპექტში, იქნება ეს "ნაციონალური მოძრაობა" თუ სხვა პარტიები, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. სააკაშვილი არის ერთ-ერთი პოლიტიკური ფიგურა, პოლიტიკური ფიგურების გავლენას ქვეყნის განვითარების პროცესზე წყვეტენ არა პრეზიდენტები, არამედ ხალხი. თუ სააკაშვილს აქვს რაღაც მომავალი, ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. გულწრფელად რომ ვთქვათ, მე ვუყურებ ამ სიტუაციას, მისი პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე და ვერ ვხედავ მის რეალურ პოპულარობას. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამას არა პრეზიდენტი, არამედ არჩევნები და ხალხი წყვეტს", - აღნიშნა მან. 

კომენტარები