EPP პრემიერის განცხადებაზე

EPP: ივანიშვილმა კრიტიკა უნდა მიიღოს და გაიაზროს, რომ ყველაფერს ვერ იყიდის

ევროპის სახალხო პარტიის(EPP) საპარლამენტო ჯგუფის მოქმედი თავმჯდომარე ჯოზეფ დოლი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას პასუხობს, სადაც ივანიშვილი მიანიშნებს, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ევროპარლამენტარები მოქრთამა. დოლის თქმით, ივანიშვილის ბრალდებები აბსოლუტურად მიუღებელია.

”პრემიერმინისტრ ივანიშვილის ბრალდებები, თითქოს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი დეპუტატები მოქრთამეს, აბსოლუტურად მიუღებელია. ევროპის მოქალაქეების წარმომადგენელი დეპუტატები ვერ შეეგუებიან ასეთ მავნებლურ ბრალდებებს, რომელთა ერთადერთი მიზანი 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქართველ ამომრჩეველზე ზემოქმედებაა. როგორც ჩანს, ივანიშვილის პოპულიზმს საზღვარი არ აქვს. ” - თქვა დოლიმ.

ჯოზეფ დოლის თქმით, ევროპარლამენტი თავისუფალი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტია.

”ივანიშვილმა უნდა შეძლოს კრიტიკისა და კრიტიკოსების მიღება და გაიაზროს, რომ ყველაფრის ყიდვა შეუძლებელია. ევროპარლამენტი და ევროკავშირის ყველა სხვა სტრუქტურა ობიექტურად აფასებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს. სამწუხაროდ, საქართველოს პრემიერმინისტრის ბოლოდროინდელი განცხადებები ადასტურებს იმ წუხილებს, რაც ევროკავშირს და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტებს გააჩნიათ პრემიერმინისტრთან და მის მთავრობასთან მიმართებით.”,- აღნიშნავს დოლი.

ჯოზეფ დოლი ასევე ამბობს, რომ ივანიშვილის მუდმივი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს მალე გაასამართლებენ, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების არსებობას ადასტურებს. 

”ეს ორი ელემენტი - ბრალდებები ევროპარლამენტარების მიმართ და შერჩევითი მართლმსაჯულება - აშკარა წინააღმდეგობაში მოდის ევროინტეგრაციის პროცესთან, რომელსაც მათივე მტკიცებით საქართველოს ხელისუფლება უჭერს მხარს. 

პრემიერმინისტრმა ივანიშვილმა უნდა გაიაზროს, რომ მას არ აქვს იმის შესაძლებლობა რომ ორი განსხვავებული გზავნილი ჰქონდეს, ერთი - საქართველოს, ხოლო მეორე - ევროკავშირის მისამართით. ”,- აღნიშნავს ევროპის სახალხო პარტიის საპარლამენტო ჯგუფის მოქმედი თავმჯდომარე ჯოზეფ დოლი.

ჯოზეფ დოლის თქმით, ”ევროპის სახალხო პარტია ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას. ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერს ასოცირების შეთანხმების პარაფირებას, მაგრამ ზუსტად ისე, როგორც უკრაინის შემთხვევაში, მისი ხელმოწერა და შესრულება დემოკრატიული სტანდარტების და ძირითადი ფასეულობების პატივისცემაზე იქნება დამოკიდებული.” 

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა (AFET) მიიღო დოკუმენტი, რომელშიც საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრს ვანო მერაბიშვილს პოლიტიკურ პატიმრად მოიხსენიებს და საქართველოს მთავრობისგან მის გათავისუფლებას მოითხოვს.

დოკუმენტის ტექსტში მითითებულია, რომ ევროპარლამენტი "მხარს უჭერს რა ასოცირების შეთანხმების ინიცირებას, მიიჩნევს, რომ ამ პროცესის წინაპირობა უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების მიერ ხელშესახები პროგრესი კანონის უზენაესობის სფეროში. ეს გულისხმობს ვანო მერაბიშვილის და სხვა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ევროპული სტანდარტებით ჩატარებას".

 

კომენტარები