თბილისის მერია

მერია: მთავრობამ გადაწყვეტილება ჩვენთან კონსულტაციის შემდეგ უნდა მიიღოს

Wikipedia

თბილისის მერიის განცხადებით, ისტორიულ უბნებში მშენებლობის ნებართვის კულტურის სამინისტროსთვის გადაცემის გადაწყვეტილებამ უარყოფითი შედეგები უკვე გამოიღო. თბილისის თვითმმართველობის ორგანო აღნიშნავს, რომ ამის ნათელი მაგალითი საქართველოს მთავრობისათვის წარდგენილი სამინისტროს მომდევნო ახალი ინიციატივაა. მერიის განცხადებითვე, კულტურის სამინისტროს არ აქვს მშენებლობის ნებართვებზე დიდი რაოდენობის განაცხადების მიღებისა და განხილვის, სათანადო მატერიალურ-ტექნიკური, პრაქტიკული თუ სხვა რესურსების მართვის გამოცდილება.

"კულტურის სამინისტრომ კანონში ცვლილებების შეტანის შემდეგ, საქართველოს მთავრობას წარუდგინა ინიციატივა იმის შესახებ, რომ თბილისის მერიას დაევალოს კანონის ამოქმედებამდე დაწყებული წარმოებების ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამშენებლო ნებართვების გაცემა და მათზე ზედამხედველობა, ხოლო ქალაქის ისტორიულ ნაწილში არსებულ სხვა შენობებზე მშენებლობის ნებართვის გაცემაზე თანხმობის გაცემას სამინისტრო აპირებს. როგორც ჩანს, სამინისტრო კვლავ თბილისის მერიასთან შეუთანხმებლად, მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ შერჩევით ცდილობს ამ საკითხის დარეგულირებას და კანონით სამინისტროზე დაკისრებული უფლებამოსილების მხოლოდ ნაწილობრივ მერიაზე დელეგირებას, რაც სრულიად ალოგიკური და დაუსაბუთებელია", - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ მაშინ, როდესაც კულტურის სამინისტრომ, სწორედ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების "გადარჩენისა და დაცვის" მოტივით, პარლამენტს კანონში შეატანინა ცვლილებები და ჩამოართვა მერიას ძეგლებზე ნებართვების გაცემის უფლება, ამ უფლებამოსილების განხორციელების დაკისრებას საქართველოს მთავრობის დადგენილების მეშვეობით, კვლავ მერიაზე ცდილობს.

"მიგვაჩნია, რომ მსგავსი შინაარსით ამ დადგენილების მიღება ეწინააღმდეგება, როგორც კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონს, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონს, რომელიც სახელმწიფო მმართველობის ორგანოს მიერ, გარკვეული უფლებამოსილების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოზე დელეგირებისას, ადგილობრივი ორგანოს თანხმობის საჭიროებას ითვალისწინებს. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღება უნდა განხორციელდეს თბილისის მერიასთან შესაბამისი კონსულტაციის საფუძველზე", - ნათქვამია განცხადებაში.

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებებით, რომელიც მიმდინარე წლის 25 სექტემბრიდან ამოქმედდა, "კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში სამშენებლო და სარეკონსტრუქციო პროექტებზე მშენებლობის ნებართვას გასცემს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ორგანო სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით". აქამდე, თბილისის მერიას თბილისის ისტორიულ უბნებში მშენებლობის ნებართვის გაცემა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმების გარეშე შეეძლო.

"აღნიშნული ცვლილების მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც სწორედ კულტურის სამინისტროს დაჟინებული მოთხოვნით განხორციელდა, თბილისის მერიამ არაერთი საჯარო განცხადება გააკეთა, მათ შორის იმის შესახებ, თუ რა უარყოფითი შედეგები შეიძლება მოიტანოს ამ ცვლილებებმა და რამდენად მაღალია დედაქალაქის ისტორიულ უბნებში სამშენებლო პროცესის შეჩერების ალბათობა. თბილისის მერია ხაზგასმით მიუთითებდა, რომ იმ პირობებში, როდესაც კულტურის სამინისტროს არ გააჩნია მშენებლობის ნებართვებზე იმ რაოდენობის განაცხადების მიღებისა და განხილვის, სათანადო მატერიალურ-ტექნიკური, პრაქტიკული თუ სხვა რესურსების მართვის გამოცდილება, როგორც ეს თბილისის მერიაში დამკვიდრდა უკანასკნელი წლების მანძილზე გატარებული სხვადასხვა ღონისძიებებისა და დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილების შედეგად, თბილისის ამ ტერიტორიებზე მდებარე შენობა-ნაგებობების დიდი ნაწილი, რომელთა მდგომარეობაც პირდაპირი მნიშვნელობით სავალალოა მათი ავარიულობის გამო, აღმოჩნდება შემდგომი სამშენებლო განვითარებისა და განახლების რეალური პერსპექტივის გარეშე, რაც ერთმნიშვნელოვნად დააზიანებს თბილისის ამ ტერიტორიაზე ისედაც მწვავე ავარიულ შენობებში მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებს", - აცხადებს თბილისის მერია.

კომენტარები