აშშ-ის საბიუჯეტო კრიზისი

აშშ-ში საბიუჯეტო კრიზისი დასრულდა

reuters.com

შეერთებულ შტატებში საბიუჯეტო კრიზისი დასრულდა. ამერიკის სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში ახალი კანონპროექტი მიიღეს, რომლის მიხედვითაც ფედერალურ უწყებებს დაფინანსება აღუდგა და სახელმწიფოს საგარეო ვალის ზედა ზღვარი გაიზარდა. კანონპროექტს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ხელი უკვე მოაწერა. სენატში კანონპროექტს მხარი დაუჭირა 81 კონგრესმენმა 18-ის წინააღმდეგ, წარმომადგენელთა პალატაში კი კანონპროექტი 285 ხმით 144-ის წინააღმდეგ გავიდა.

ამერიკის კონგრესში მიღწეული კომპრომისით, ქვეყანამ დეფოლტის საფრთხე თავიდან აიცილა. მიღებული კანონპროექტი ითვალისწინებს ფედერალური მთავრობის დაფინანსების აღდგენას 15 იანვრამდე, ხოლო სახელმწიფო ვალის ზედა ზღვარის აღდგენას 7 თებერვლამდე. ათასობით საჯარო მოხელე, რომელიც კრიზისის გამო იძულებით შვებულებაში იმყოფებოდა, სამსახურში დაბრუნდება.

გავრცელებული ინფორმაციით,  ფედერალური უწყებების მუშაობის სამკვირიანმა შეჩერებამ ქვეყნის ეკონომიკას 24 მილიარდი დოლარის ზიანი მიაყენა.

მოკლევადიანი საბიუჯეტო შეთანხმების მიუხედავად, რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის ჯერ კიდევ აზრთა სხვადასხვაობაა პრეზიდენტ ობამას მიერ ინიცირებულ ჯანდაცვის რეფორმასთან დაკავშირებით. სენატში რესპუბლიკური უმცირესობის ლიდერის მიჩ მაკონელის თქმით, ისინი "ობამაქეარის" გაუქმების იდეის ერთგული რჩებიან.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის ფედერალურმა უწყებებმა საქმიანობა პირველ ოქტომბერს  კონგრესის მიერ ახალი საფინანსო წლის ბიუჯეტის მიუღებლობის გამო შეაჩერეს. შედეგად, დაახლოებით 800 ათასამდე საჯარო მოხელეს იძულებით შვებულებაში მოუწია გასვლა, ხოლო მილიონამდე ადამიანი ხელფასის გარეშე მუშაობდა. ამერიკის სახელმწიფო საგარეო ვალმა  ზედა ზღვარს - 16.7 ტრილიონ დოლარს ჯერ კიდევ მაისში მიაღწია, თუმცა ამერიკის ხაზინამ სპეციალური ზომები მიიღო დეფოლტის თავიდან ასაცილებლად. სახელმწიფო ხაზინის განცხადებით, მიღებული ზომები მხოლოდ 17 ოქტომბრამდე იმოქმედებდა.

 

კომენტარები