წინასაარჩევნო კამპანია

ვიტაუტას ლანდსბერგისი: დავით ბაქრაძე შეძლებს პოლიტიკურ კონსოლიდაციას

RFE/RL

ევროპარლამენტარ ვიტაუტას ლანდსბერგისის შეფასებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე შეეფერება სახელმწიფო ლიდერის პოსტს და ის კარგად წარმოაჩენს ქვეყანას საზღვარგარეთ. როგორც პოსტკომუნისტური ლიტვის პირველმა პრეზიდენტმა გადაცემა არჩევანში ბრიუსელიდან ჩართვისას განაცხადა, საქართველოს საერთაშორისო არენაზე სჭირდება კონსოლიდაცია მთავარი მიზნის მისაღწევად. მისი თქმით, მმართველ ძალას და ოპოზიციას ერთმანეთთან ჩხუბი არ სჭირდებათ. ლანდსბერგისი მიიჩნევს, რომ საამისოდ აუცილებელია ნაკლები შურისძიება.

"ვიცი, რომ დავით ბაქრაძე შურისმაძიებელი არ არის იმის მიუხედავად, რომ მისი პარტია არჩევნებში დამარცხდა. თანამშრომლობა უნდა იყოს სწორი ორ მთავარ პოლიტიკურ ძალას შორის.  თუ დავით ბაქრაძეს აირჩევენ, ის შეძლებს გაერთიანებასაც, კონსოლიდაციასაც და შერიგებასაც. იმედიც მაქვს და ნდობაც, რომ დავით ბაქრაძე სწორედ ასეთი ლიდერი იქნება" - აღნიშნავს ლიტვის ყოფილი პრეზიდენტი.

მისივე თქმით, საქართველოს სურათი საერთაშორისო არენაზე მნიშველოვნად არის შეცვლილი ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელებული რეფორმების კუთხით.  ვიტაუტას ლანდსბერგისი აღნიშავს, რომ საქართველო იმსახურებდა საერთაშორისო პატივისცემას ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობის ძალისხმევისთვის.

"დავით ბაქრაძე იქ იყო და ემსახურებოდა საქართველოს გარდამავალ პერიოდში. მას აქვს პოლიტიკური გამოცდილება და კარგად ესმის სახელმწიფოს საქმეები. აქვს კავშირები საზღვარგარეთ და მას იცნობენ იქ. ის ერთერთი იყო იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც საქართველო დასავლეთის, ევროკავშირისა და NATO-ს მიმართულებით წაიყვანეს. ეს გზა ჯერ დასრულებისგან შორს არის, მაგრამ მე მხარს ვუჭერ ამ გზას და ვურჩევდი მის გაგრძელებას" - თქვა ევროპარლამენტარმა.

კომენტარები