საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მოამბესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საწარმოების დაფინანსებაზე ისაუბრა. მისი თქმით, 60 საწარმოს ნაცვლად, 230-ზე მეტი დაფინანსდა. ჟურნალისტის კითხვას, მათ შორის 5 მაინც დაესახელებინა, პრემიერმა უპასუხა, რომ ” მე მაგალითს ვერცერთს ვერ გეტყვით, ეს არ არის ჩემთვის საინტერესო. თუ გინდათ, ეს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან შეგიძლიათ, თავისუფლად გაიგოთ, მთელი სია მიიღოთ იმ საწარმოების, რომლებიც დაფინანსდა, ეს დაფარული არაა.” - თქვა ივანიშვილმა.
“როდესაც მე ვამბობდი 60 ახალი საწარმოს დაფუძებას, მე ვამბობდი, რომ მათ ექნებათ შეღავათიანი, ხანგრძლივი კრედიტები, 0-3%-მდე. კრედიტიც აღარ ჰქვია, ისე ვაფინანსებთ, გრანტის სახე მიიღო, რომ დაინტერსება იყოს”,-განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა ასევე თქვა, რომ ”გასაოცარია ის, რატომ აგრძელებენ ჯიუტად ნაციონალური მოძრაობის წევრები და მათი მხარდამჭერები, რომ არაფერი კეთდება. მე მაგალითად ძალიან გაოცებული ვარ, რა უნდათ ან სერგო კაპანაძეს ან ელენე ხოშტარიას. ჩემთვის გაუგებარია, სექტის მსგავსი რაღაც ხდება, ესენი არ არიან ის ადამიანები, რომ დიდი დარღვევები ჰქონდეთ, ან სამშობლოს წინაშე დანაშაული ჰქონდეთ ჩადენილი. იციან რეალობა, ამდენი ინტელექტი აქვთ, მაგრამ მაინც იქ დარჩნენ. 200-ზე მეტი საწარმოა დაფინანსებული, ესენი ამბობენ აბა სადაა? ”,- თქვა ივანიშვილმა.





