რუსეთი

მოსკოვში ნაციონალისტებმა მასობრივი არეულობა მოაწყვეს

Reuters

400-მდე ადამიანი დააკავეს სამართალდამცავებმა მოსკოვში მომხდარი არეულობის შედეგად. დარბევის დროს დაზიანდა შენობები და ავტომანქანები, არიან დაშავებულებიც. ძალადობა ბირულიოვოს რაიონში 13 ოქტომბერს ე. წ. სახალხო შეკრებას მოჰყვა. დემონსტრანტებმა რამდენიმე დღის წინ მომხდარი მკვლელობა გააპროტესტეს - 25 წლის ეგორ შერბაკოვი, თვითმხილველთა მტკიცებით, სამხრეთული გარეგნობის დამნაშავემ დანით მოკლა. მკვლელი მიიმალა.

შეკრებაზე ნაციონალისტებმა პოლიცია უმოქმედობაში დაადანაშაულეს. შემდეგ რამდენიმე ასეული ადამიანი სავაჭრო ცენტრში შეიჭრა და შენობა დაარბია. ამის შემდეგ ბრბო მეზობლად მდებარე ბოსტნეულის საწყობისკენ დაიძრა, სადაც, ნაციონალისტთა მტკიცებით, დიდი რაოდენობით მიგრანტი მუშაობს. ნაციონალისტებმა საწყობი და სავაჭრო ობიექტებიც დაარბიეს.

არეულობის ჩასახშობად ათასზე მეტი სპეცრაზმელი იყო მობილიზებული. დაკავებები გვიან ღამემდე გაგრძელდა. სამართალდამცავებმა, დემონსტრაციების თავიდან აცილების მიზნით, მოსკოვის ცენტრალური მანეჟის მოედანი საგანგებოდ გადაკეტეს.

კომენტარები