პირველად მოხდა, რომ სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმამ დაიმსახურა ისეთივე შეფასება, როგორც სხვა სფეროების რეფორმებმა - ამის შესახებ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას, სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
სუბარის განცხადებით სასჯელაღსრულების რეფორმის კუთხით საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა და ევროკავშირი მომავალ წელს დახმარებას გაზრდის.
"დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ყველა ის ვალდებულება, რომელიც საქართველოს ჰქონდა აღებული, შესრულებულია. დღევანდელი დღე ნიშნავს, რომ მომავალ წელს მეტი დახმარება გვექნება. ძველი ხელისუფლების დროს რეფორმა მთლიანობაში ფასდებოდა დადებითად, იყო ერთი გამონაკლისი სფერო - სასჯელაღსრულება და დღეს პირველად მოხდა, როდესაც სასჯელაღსრულების სისტემაში რეფორმამ დაიმსახურა ისეთივე შეფასება, როგორც სხვაგან. პირველად მოხდა, როდესაც სასჯელაღსრულების სისტემამ არ შეუქმნა დაბრკოლებები ამ საერთო რეფორმის განხორციელებას, პირიქით, შეფასებები არის დადებითი და ეს ნიშნავს, რომ რეფორმა უფრო ძლიერი ტემპით გაგრძელდება” - განაცხადა სოზარ სუბარმა.





