აქცია მერიასთან

”შუა ქალაქის” პერსონალი მერიასთან აქციას მართავს

ტაბულა

სამკურნალო პროფილაქტიკურ ცენტრ "შუა ქალაქის" სამედიცინო პერსონალი თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავს. საპროტესტო აქციაზე მოსულმა ექიმებმა განაცხადეს, ისინი აღშფოთებულები არიან თბილისის მერის გიგი უგულავას დღევანდელი განცხადებით. როგორც მედიკოსები აცხადებენ, გიგი უგულავამ დღეს განაცხადა, რომ აღნიშნული კლინიკის ექიმებს თავიანთი პრობლემები პოლიტიკურ ჭრილში გადააქვთ, რაც აქციის მონაწილეთა თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება. 

როგორც ექიმები აცხადებენ, მათ არანაირი პოლიტიკური ინტერესები არ გააჩნიათ და სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძვიან. ექიმები ახლადდანიშნულ დირექტორს ლაშა მიქაუტაძეს კლინიკის პარალიზებაში ადანაშაულებენ. ლაშა მიქაუტაძემ შპს "შუა ქალაქის" საბანკო ანგარიშები დააყადაღა. როგორც ექიმები აცხადებენ, ყველაფერი, რაც "შუა ქალაქში" ხდება, მიზანმიმართულად ხორციელდება თბილისის მერიის მხრიდან. აქციის მონაწილეები გიგი უგულავასთან შეხვედრას ითხოვენ.

ამასთან, თბილისის მერი გიგი უგულავა საკრებულოს თავმჯდომარეს, ირაკლი შიხიაშვილს მოუწოდებს, მე-13 კლინიკაში არსებული პრობლემის პოლიტიზებისგან თავი შეიკავოს. 
"მინდა ყველას მოვუწოდო, განსაკუთრებით საკრებულოს, მათ შორის, მის თავმჯდომარის, ამ საკითხის პოლიტიზირებისგან თავი შეიკავოს. საქართველოში ჩვენ, ბუნებრივია, ვერ დავამკვიდრებთ ხმამაღლა ყვირილის სამართალს, ვერ დავამკვიდრებთ შიხიაშვილის სამართალს, რომელიც უფრო მეტად ძველბიჭობასთან წილნაყარია, ვიდრე სამართალთან", - განაცხადა უგულავამ.

კომენტარები