ბესელიას განცხადება ძველაიას საქმეზე

ეკა ბესელია: ძველაიას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა მოსამართლეებსაც ეკისრებათ

ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ქუთაისის ციხეში არასრულწლოვანი გოგა ძველაიას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობის ნაწილს მოსამართლეებს აკისრებს.

ბესელიას განცხადებით, ბუნდოვანია, რატომ გაუშვეს ძველაია ციხეში მაშინ, როდესაც მას გირაო ჰქონდა შეფარდებული. უმრავლესობის წევრის თქმით, იმ მოსამართლეებს, რომლებსაც არასრულწლოვნების საქმის განხილვა აბარიათ, გარკვეული ფსიქოლოგიური კურსი უნდა ჰქონდეთ გავლილი და სიფრთხილით უნდა მოეკიდონ გადაწყვეტილებებს. ბესელიამ ასევე აღნიშნა, რომ სოზარ სუბარი კარგი მინისტრია, მან არ უნდა დატოვოს მინისტრის პოსტი და არც აპირებს.  

ამასთან, ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მას არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ 16 წლის გოგა ძველაიას შემთხვევა მკვლელობა იყო. ბესელიამ გამოძიებას მოუწოდა, ძველაიას ოჯახს, კერძოდ კი მამას, აჩვენონ ის ვიდეომასალა, რომელიც გადაღებულია სასჯელაღსრულების დაწესებულების დერეფანში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერით, რათა ოჯახი დარწმუნდეს, ვინ შედიოდა საკანში დღის განმავლობაში. თავად საკანში კი, როგორც ბესელია ამბობს, სათვალთვალო კამერა არ იყო დამონტაჟებული. 

"სისტემას სრულად აკონტროლებს სასჯელაღსრულების სამინისტრო და არა ცალკეული პირები. თუმცა, არ არსებობს ციხე, რომელიც უპრობლემო იყოს, ისევე როგორც არ არსებობს ზოგადად სისტემა უპრობლემო. შესაძლოა, კონფლიქტი ხდებოდეს სკოლებშიც, ოჯახშიც, თუმცა ფაქტია, რომ სისტემა არის სრულიად შეცვლილი. რაც შეეხება ცალკეულ შემთხვევებს, ამაზე ჩვენ მაქსიმალურად უნდა მოვახდინოთ რეაგირება, რაც ხდება კიდეც", - განაცხადა ბესელიამ. 

ბესელიას თქმით, იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც პატიმრებს, განსაკუთრებით კი არასრულწლოვნებს, ფსიქოლოგიური გამოკვლევები ჩაუტარდებათ. ამასთან, კიდევ ერთი ცვლილების მიხედვით, ფსიქიკურად დაავადებულ პატიმართა მკურნალობის წესიც შეიცვლება და არსებობს ინიციატივა - გაფართოვდეს პატიმართა მნახველების წრე.

კომენტარები