რთველი 2014

შალვა ფიფია: წელს მოსახლეობამ ყურძნის რეკორდული რაოდენობა ჩააბარა

შალვა ფიფია
moa.gov.ge

სოფლის მეურნეობის მინისტრის შალვა ფიფიას განცხადებით, წელს მოსახლეობამ 90 ათასი ტონა ყურძენი ჩააბარა. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ფიფიამ რთველის მიმდინარეობის შუალედური ანგარიში წარადგინა და აღნიშნა, რომ მოსახლეობამ ბოლო ოცი წლის მანძილზე ყურძნის რეკორდული რაოდენობა ჩააბარა. ფიფიას თქმით, ახალი მთავრობისთვის სოფლის მეურნეობა პრიორიტეტი გახდა და ყველაფერს აკეთებს დარგის განვითარებისთვის. 

"წელს სახელმწიფო მიდგომა იყო სწორი, ჯანსაღი და ორიენტირებული, როგორც გლეხების, ისე კერძო კომპანიების ხელშეწყობაზე. რთველის მიმდინარეობის პროცესში სახელმწიფო აღარ იყო ძირითადი მოთამაშე და მთავარი როლი ამ პროცესში ჰქონდათ კერძო კომპანიებს. სუბსიდირება განხორციელდა ახალი პროგრამით, ვაუჩერების გარეშე და მოხდა ყურძნის ჩამბარებელი ქარხნების პირდაპირი სუბსიდირება. სუბსიდირება სწორად განისაზღვრა სამ სხვადასხვა ინდუსტრიულ ჯიშზე. თანაბარ პირობებში ჩავაყენეთ დიდი და მცირე ფერმერები, აღარ მომხდარა დიფერენცირება ნაკვეთის ზომების მიხედვით. სახელმწიფომ კომპანიებს საშუალება მისცა, გაეფართოებინათ საწარმოები და მეტი ყურძენი მიეღოთ. მიღებულია ყურძნის რეკორდული რაოდენობა. ინდუსტრიაში ჩაბარებულია დაახლოებით 90 ათასი ტონა ყურძენი, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში არ ყოფილა. რთველის განმავლობაში აქცენტი გაკეთდა ხარისხზე და, შესაბამისად, კომპანიებმა ხარისხიანი ყურძენი ჩაიბარეს. წინა წლებისგან განსხვავებით, შსს-ს ჩართულობა განისაზღვრა მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებით და ადგილზე სიტუაციის კონტროლით; ასევე, სახელმწიფოს არანაირი ზეწოლა არ მოუხდენია ყურძნის ფასის განსაზღვრაზე, მეწარმე არჩევანში სრულიად თავისუფალი იყო", - განაცხადა შალვა ფიფიამ. სოფლის მეურნეობის მინისტრის განმარტებით, ეს მხოლოდ შუალედური ანგარიშია, რადგან რაჭაში რთველი ჯერ ისევ არ დასრულებულა. ფიფიას თქმით, სამინისტრო მოსახლეობას ამომწურავ ინფორმაციას რთველის დასრულების შემდეგაც მიაწვდის.

კომენტარები