არასრულწლოვანი პატიმრის გარდაცვალება

ბარნოვი პატიმრის გარდაცვალებაზე: მოვუწოდებ მთავრობას, აიღოს პასუხისმგებლობა

facebook.com/barnovi.official

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი მთავრობას სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების წინადადებით მიმართავს. მისი თქმით, გუშინ ტრაგიკული ფაქტი მოხდა ქუთაისის მეორე საპყრობილეში, როდესაც გაურკვეველ სიტუაციაში 16 წლის ახალგაზრდა, გოგი ძველაია გარდაიცვალა.

ბარნოვმა ასევე აღნიშნა, რომ არსებობს ოფიციალური ვერსია, რის მიხედვითაც, აღნიშნული ფაქტი სუიციდის უკავშირდება. მისივე განმარტებით, სოზარ სუბარი მხოლოდ იმ ფაქტებს ეყრდნობა, რომლებიც გადმოცემით იცის. სუბარი ადგილზე არ ყოფილა და ჯერჯერობით არც გამოძიება ჩატარებულა.

"კერძოდ, გვეუბნებიან, რომ ეს პატიმარი სრულიად იზოლირებული იყო, სოციალურმა მუშაკმა ნახევარი საათის წინ დატოვა და შემდეგ უკვე სუიციდის ფაქტი მოხდა. არანაირად ეს ფაქტები გადამოწმებული არ არის და არ გვაქვს საფუძველი, ამ ვერსიას ვენდოთ", - თქვა ბარნოვმა. 

ანდრო ბარნოვის თქმით, არსებობს ოჯახის ვერსია, რომ პატიმარს პრობლემები ციხის მაყურებლებთან ჰქონდა, რომლებიც ბოლო დროს მომრავლდნენ და აგრესიითაც გამოირჩევიან. მისივე თქმით, საეჭვო ფაქტია ისიც, რომ მშობლებს არ შეატყობინეს, ისე ჩაუტარეს პატიმარს ექსპერტიზა და დაწერეს დასკვნა, რომელსაც არავინ ენდობა. 

ბარნოვი აღნიშნავს, რომ ოჯახი ითხოვს სოზარ სუბარის სენაკში ჩასვლას. მანამდე ოჯახი 16 წლის ახალგაზრდას არ დაასაფლავებს.

"ძალიან სამწუხარო რეალობა გვაქვს, იმ პირობებში, როდესაც მთავრობა გვიმტკიცებს, რომ ციხეებში ვითარება გაუმჯობესდა. მინდა მოვუწოდო მთავრობას, იმ პირობებში, როდესაც ისინი გასაოცარ დემოკრატიას გვპირდებოდნენ, საზოგადოება მიესალმება, თუ ისინი აიღებენ პასუხისმგებლობას და მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებენ", - თქვა ბარნოვმა.

ცნობისთვის, ქუთაისის N2 საპყრობილეში სენაკელი არასრულწლოვანი პატიმარი გოგი ძველაია გარდაიცვალა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ სოზარ სუბარის ინფორმაციით, არასრულწლოვანი მარიამობის დღესასწაულზე საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, თუმცა იგი საპატიმროში მეორედ მოხვდა. ქურდობის ბრალდებით დაკავებული 16 წლის ახალგაზრდა საპატიმროში ერთი დღის მიყვანილი იყო.

კომენტარები