პუტინი: აშშ-სა და რუსეთს საერთო ინტერესები გვაქვს

ვლადიმირ პუტინი
Time

აპეკის სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე პუტინმა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრის შემდეგ ამერიკა-რუსეთს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ისინი სირიის ქიმიური არსენალის განადგურების შესახებ შეთანხმებული არიან და ახლა ყველაფერი ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციაზეა დამოკიდებული.
"ამერიკა არ ისწრაფვის, რომ სირიაში ძალაუფლება ალ-ყაიდამ ჩაიგდოს ხელში. არც ჩვენ გვსურს ეს მოხდეს. ჩვენ საერთო მიზნები გვაქვს, რაც გულისხმობს სირიაში სტაბილურობისა და დემოკრატიზაციის მიღწევას", - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

პრესკონფერენციაზე პუტინი შეეხო ასევე ნიდერლანდებში მომხდარ ინციდენტს, სადაც რუს დიპლომატს თავს დაესხნენ და სასტიკად სცემეს. პუტინმა ეს ფაქტი ვენის კონვეციის უხეშ დარღვევად შეაფასა და ნიდერლანდების მხარისაგან ბოდიშის მოხდა და დამნაშავეების დასჯა მოითხოვა.

რუსული მხარის ვერსიით, პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა პირებმა რუს დიპლომატს საკუთარ სახლთან, ბავშვების წინაშე სცემეს. ნიდერლანდების მხარეს ოფიციალური განცხადება ამ საქმის შესახებ ჯერ არ გაუკეთებია.

მოსკოვში ნიდერლანდების ელჩი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშია დაბარებული, სადაც მას საპროტესტო ნოტას გადასცემენ.

კომენტარები