საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

დანელია: კატეგორიულად მთხოვდნენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი დამეტოვებინა

კატეგორიულად მთხოვდნენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდი დამეტოვებინა, - ამის შესახებ თავის Facebook- გვერდზე ნინო დანელია წერს, რომელმაც ამ საქმეზე განცხადება გაავრცელა.

აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"რადგან ბევრმა მკითხეთ, ვიფიქრე, პირდაპირ აქ დამედო: ვადასტურებ, რომ მირეკავდნენ და კატეგორიულად მთხოვდნენ საბჭოს დატოვებას. ასევე, მეუბნებოდნენ, რომ საბჭოს სხვა წევრებთანაც ჰქონდათ ამავე საკითხზე ინტენსიური საუბარი. ამ ადამიანებს არ ვასახელებ, რადგან ყველა საუბარი პირადი საუბარი იყო. საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ უშიშროების თანამშრომელი ემზარ გოგუაძეს, საბჭოს თავმჯდომარეს აშანტაჟებდა მის კაბინეტში. ავთანდილ ანთიძეს შესთავაზეს მაღალანაზღაურებადი სამსახური საბჭოდან გასვლის სანაცვლოდ. ამ ფონზე საბჭოდან გავიდა საბჭოს კიდევ ერთი წევრი ეკატერინე მაზმიშვილი. რადგან ჩემთვის დღეს, ზუსტად ისევე, როგორც ნაციონალების მმართველობის დროს, უმნიშვნელოვანესია საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური დამოუკიდებლობა, არ ვაპირებ საბჭოს დატოვებას. თუმცა, საბჭო თავის ფუნქციას ვეღარ შეასრულებს, რადგან გადაწყვეტილების მისაღებად ახლანდელი კანონის მიხედვით, 8 ხმაა საჭირო. რაც ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტი ვერ დამტკიცდება, ტელევიზიის თანამშრომლებს ნოემბრიდან ხელფასის მიღების პრობლემა დაუდგებათ, ახალი დირექტორი ვერ აირჩევა ახალი საბჭოს არჩევნებამდე. ბუნებრივია, შექმნილ ვითარებაზე პასუხს საბჭოს დარჩენილი წევრები ვერ აგებენ", - წერს დანელია.

რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ორმა წევრმა - ეკა მაზმიშვილმა და ავთანდილ ანთიძემ, პარლამენტს თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართეს.

კომენტარები