საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, ტერორიზმის ბრალდებით გასამართლებულ მერაბ ყოლბაიას, იგივე "კოჭოიას", საქმეში არაერთი მძიმე დანაშაული იკვეთება და ის არაერთხელ გახდა წამების მსხვერპლი.
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საპატიმროში შეხვდა მერაბ ყოლბაიას და დღეს, 1-ლ ოქტომბერს გამოაქვეყნა მისი ახსნა-განმარტება. ომბუდსმენის თქმით, ის სხვა პატიმრებთანაც გააგრძელებს შეხვედრას და მათი ახსნა-განმარტებების გასაჯაროებას.
ომბუდსმენის განცხადების მიხედვით, მერაბ ყოლბაია, რომელსაც 30 წელი ჰქონდა მისჯილი და ამნისტიის შემდეგ მოსახდელი დარჩა 9 წელი და 6 თვე, აცხადებს, რომ უდანაშაულოა და მის საქმეში არ არის მტკიცებულებები, რომელიც შეიძლებოდა გამხდარიყო მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. ყოლბაიას განმარტებით, დაკავების მომენტიდან მასზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა ხორციელდებოდა, რომელშიც როგორც სამართალდამცავები, ასევე სასჯელაღსრულების სისტემის მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ.
მერაბ ყოლბაიას ახსნა-განმარტების მიხედვით, იგი გალის სოფელ ჭუბირხინჯში, საკუთარ სახლში 2011 წლის 15 თებერვალს პარტიზანებმა დააკავეს. მას რამდენიმე ტყვია ესროლეს და ასევე რამდენჯერმე - ჯერ ტყეში, შემდეგ თბილისის ერთ-ერთ ბინაში, ბოლოს კი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში აწამეს. "კოჭოია" ციხეში წამებაში ბრალს მეგის ქარდავასა და გაგა მკურნალიძეს დებს.
ყოლბაიას განმარტებით, წამების შედეგად მან წინასწარ გამოძიებაში ბრალდებით წარდგენილი დანაშაული აღიარა, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს კი, აღიარება გადათქვა და სწორი ჩვენება მისცა, რასაც გლდანის #8 დაწესებულებაში მისი წამება მოჰყვა. საბოლოოდ, მას 30 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მერაბ ყოლბაიას თქმით, მან ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილის თანდასწრებით გამოძიებას თავისი წამების შესახებ ჩვენება მისცა, ასევე, ფოტოებზე ამოიცნო წამებაში მონაწილე პირები.
სახალხო დამცველის წერილში ნათქვამია, რომ მსჯავრდებულ მერაბ ყოლბაიას ამ ეტაპზე ციხის ადმინისტრაციის მიმართ პრეტენზიები არ გააჩნია. აწუხებს თავის ტკივილები, რის გამოც გამოკვლევას და შესაბამის მკურნალობას ითხოვს.
უჩა ნანუაშვილი მერაბ ყოლბაიას, მეტსახელად "კოჭოიას", სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში დღეს, 1-ლ ოქტომბერს შეხვდა.
საქართველოს შსს-მ 2010 წლის 4 დეკემბერს 7 პირი დააკავა, რომლებსაც ბრალი წაუყენეს 2010 წლის სექტემბერ-ნოემბერში საქართველოში განხორციელებული ტერაქტების ორგანიზებაში. დაკავებულები იყვნენ გოგიტა არქანია, მარიამ ნიკოლავა, გოჩა ხურცილავა, ჯონი აბულაძე, ლელა ხურცილავა, გოდერძია რქანია და მერაბ ყოლბაია, იგივე "კოჭოია".





