სოჭის ოლიმპიადა 2014

ზაქარეიშვილი: ოლიმპიადაში მონაწილეობა ცუდია, არმონაწილეობა - უარესი

Paata Zakareishvili
Dimitri Chikvaidze / Tabula

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა, რომ საქართველომ სოჭის ოლიმპიადაში აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მტკივნეული იქნება.

"ორი არჩევანი გვაქვს: ცუდი და უარესი. ოლიმპიადაში მონაწილეობა ცუდია, არმონაწილეობა -უარესი. წარმოიდგინეთ, რომ საქართველო არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ესაზღვრება ოლიმპიადას, ამ ოლიმპიადას სხვა მოსაზღვრე სახელმწიფო არ ჰყავს. ეს რომ ყოფილიყო შვეიცარია, რომელსაც 5-6 სახელმწიფო ესაზღვრება, სხვა საკითხია. აქ არის ჩრდილოეთ კავკასია, ყველაზე ფეთქებადსაშიში რეგიონი, სადაც არაერთხელ იქნა გაცხადებული, რომ შესაძლოა პრობლემები შექმნოდათ. წარმოიდგინეთ, რაღაც მოხდეს ოლიმპიადაზე და ჩვენ არ ვთანამშრომლობთ, როგორ გგონიათ, რუსეთი ვისკენ გაიშვერს ხელს? ამიტომ მოდით, გავაკეთოთ არჩევანი ცუდსა და უარესს შორის. მე მივმართავ მოსახლეობას და ტელემაყურებელს, ჩვენი გადაწყვეტილება არის სწორი, თუმცა მტკივნეული", - თქვა პაატა ზაქარეიშვილმა.

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 30 სექტემბერს, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაში დაუშვებელია, რადგან რუსეთი ამას საქართველოს დასამცირებლად გამოიყენებს, ოლიმპიადაზე კი მიწვეული იქნებიან დე ფაქტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციები. 

პაატა ზაქარეიშვილის მოსაზრებით, ეს წარმოუდგენელია, რადგან ოლიმპიადას საერთაშორისო სამართლის ნორმებით ატარებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და ის არ დაუშვებს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას.

კომენტარები