თანაინვესტირების ფონდი

ნორლანდი: უცხოელებზე მიწის გასხვისების თემას მთავრობამ ყურადღება უნდა მიაქციოს

აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, თანაინვესტირების ფონდის დაფუძნება იმედისმომცემია. როგორც ნორლანდმა ჟურნალისტებს უთხრა, ფონდის მიმართულებები უცხოელი ინვესტორებისთვის საინტერესო იქნება, თუმცა, აშშ-ის ელჩი ფიქრობს, რომ უცხოელებზე მიწების გასხვისების საკითხი კანონმდებლობით მოსაგვარებელია. 

"ფონდის შეთავაზებები ძალიან საინტერესოა უცხოელი ინვესტორებისთვის, რომლებიც ეძებენ შესაძლებლობებს სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის სფეროებში, ჩვენ წარმატებას ვუსურვებთ ფონდს და დარწმუნებული ვართ, რომ ის წარმატებული იქნება. თუმცა, არსებობს ერთი საკითხი, რომელსაც ფონდმა და მთავრობამ ყურადღება უნდა მიაქციოს. ეს არის სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების თემა. ამის შესახებ დაისვა კითხვა. მოქმედი კანონმდებლობით მიწები ვერ გასხვისდება უცხოელებზე. შესაძლოა, ამან აღნიშნულ სფეროში ინვესტიციების ჩადება შეაფერხოს. იმედია, კანონმდებლობას კარგად შეისწავლიან", - აღნიშნა ნორლანდმა.  

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაცია დღეს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართა. ფონდის გენერალური დირექტორის გიორგი ბაჩიაშვილის თქმით, ფონდში მობილიზებული კაპიტალის მოცულობა 6 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. აქედან, 1 მილიარდი ამერიკული დოლარი - პრემიერ ბიძინა ივანიშვილის კაპიტალია.

თანაინვესტირების ფონდი, რომელმაც საქართველოს ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, წარმოებისა და ლოგისტიკის სფეროში 6 მილიარდ აშშ დოლარამდე ინვესტიცია უნდა განახორციელოს, ოფშორულ ზონაში, კაიმანის კუნძულებზე 2013 წლის სექტემბერში დაფუძნდა.

ფონდის დამფინანსებლებს შორის, საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის გარდა, არიან: ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი, ისრაელისა და ყაზახეთის მოქალაქე, მილიარდერი ბიზნესმენი ალექსანდრ მაშკევიჩი, ასევე Dhabi Group, RAK Investment Authority, State Oil Fund of the Republic of Azerbaijan, Batumi Industrial Holdings Limited, Calik Holdings A.S, Milestone International Holdings Group Limited და ა.შ.

კომენტარები