თანაინვესტირების ფონდი

თანაინვესტირების ფონდით ანაკლიაში უდიდესი პორტის აშენება იგეგმება

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ერთ-ერთი უდიდესი პროექტი, რომელსაც აღნიშნული ფონდი დააფინანსებს, ანაკლიის პორტია. პორტი საქართველოში უდიდესი იქნება და ივანიშვილის განცხადებით, ის წელიწადში 110 მილიონი ტონა ტვირთის გატარებას შეძლებს.

ფონდის კაპიტალი 6 მილიარდ დოლარს შეადგენს. პრიორიტეტული მიმართულებები ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, წარმოება და ლოგისტიკა იქნება. ფონდის ერთ-ერთი დამფინანსებელია საქართველოს პრემიერმინისტრი, რომელიც 1 მილიარდ დოლარს დააბანდებს.

"ჩემი გადმოსახედიდან, ფონდი ძალიან შეუწყობს ხელს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას. ასეთი ფონდის არსებობა ქვეყანას აძლევს გარკვეულ რეკლამას, გარკვეულ იმიჯს, რომ ასეთი სიდიდის ფონდი არსებობს ქვეყანაში, რომელიც გვერდით დაუდგება ინვესტორებს კარგი პროექტების განხორციელებაში. თანაინვესტირების ფონდი ჰქვია, მაგრამ შესაძლოა ფონდმა ცალკეული პროექტები დამოუკიდებლად დააფინანსოს ინვესტორის გარეშეც. ნებისმიერ პროექტში შეგვიძლია მივიღოთ მონაწილეობა და ჩვენ არ გვაქვს თანხობრივი შეზღუდვა", - თქვა ბიძინა ივანიშვილმა ფონდის პრეზენტაციაზე. მისივე თქმით, განიხილებოდა ლაზიკის პორტის მშენებლობის იდეაც, თუმცა, ანაკლიის პორტის უპირატესობებიდან გამომდინარე, საბოლოოდ არჩევანი მასზე შეჩერდა.

კომენტარები