საზღვრის გადმოწევა

ბურჯალიანი: ოკუპაციასთან საბრძოლველად სამართლებრივი ბერკეტები არსებობს

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე თინა ბურჯალიანი სოფელ დვანში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია, ევროსასამართლოს აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს და დროებითი ღონისძიების გამოყენება მოითხოვოს.

"პირველ რიგში, როდესაც 2008 წლის 11 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებამ მიმართა ევროსასამართლოს და მოითხოვა დროებითი ღონისძიების გამოყენება, ევროსასამართლომ მეორე დღესვე, 12 აგვისტოს უკვე გამოიტანა სასამართლოს პრეზიდენტმა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დააკისრა მხარეებს კონვენციის შესაბამისი მოქმედება და მოითხოვა რეგულარული ინფორმაციის მიწოდება სიტუაციის შესახებ. რამდენჯერმე გაგრძელდა ეს დროებითი ღონისძიება და ბოლოს გაგრძელდა 2008 წლის ნოემბერში. თუ არ ვცდები, 25 ნოემბრის გადაწყვეტილება იყო და ძალაშია დღესაც. ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობას აქვს შესაძლებლობა, რომ ინფორმაცია მიაწოდოს ევროსასამართლოს და უთხრას, რომ მის მიერ დაკისრებული დროებითი ღონისძიება ირღვევა. ვვარაუდობ, რომ ეს დროებითი ღონისძიება ბოლო პერიოდის განმავლობაში არ გაუქმებულა. ხოლო იმ შემთხვევაშიც კი, თუ ღონისძიება გაუქმებულია, მაშინ საქართველოს შეუძლია ევროკონვენციის მიხედვით მიმართოს ევროსასამართლოს და მოითხოვოს დროებითი ღონისძიების გამოყენება, რომელიც მისცემს მას შესაძლებლობას, რომ, დავუშვათ, დიპლომატიურ ან სხვა ფორუმებში საკუთარი არგუმენტები გაამყაროს", - ამბობს ბურჯალიანი.

ბურჯალიანის თქმით, დვანში მომხდარი ფაქტით ევროკონვენციის მეორე და მესამე მუხლი ირღვევა.

"მეორე მუხლი ეს არის სიცოცხლის უფლება, მესამე - ეს არის წამების არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვის უფლება. მესამე მუხლთან დაკავშირებით არსებობს ევროსასამართლოს უკვე კარგად დამკვიდრებული პრეცედენტული სამართალი, განსაკუთრებით თურქეთთან მიმართებაში, როდესაც სასამართლომ თქვა, როდესაც ადამიანების საცხოვრისის, სახლების განადგურდება ხდება მათ თვალწინ, ეს იქნება მესამე მუხლის დარღვევა. ანუ ტკივილი და სტრესი, რომელსაც განიცდიან ეს ადამიანები ამის გამო, აღწევს მესამე მუხლით დადგენილ სტანდარტებს. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, როგორც წესი, ევროსასამართლო მეორე და მესამე მუხლთან მიმართებით აკისრებს დროებით ღონისძიებას წევრ სახელმწიფოებს. შესაბამისად, ჩვენ რასაც ვუყურებთ, ახლა რაც ხდება, დვანის ფაქტზე კონვენციის არაერთი მუხლის შესაძლო დარღვევაზე შეიძლება საუბარი, მაგრამ როცა ვლაპარაკობთ მყისიერ რეაგირებაზე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან, მათ შორის, ევროსასამართლოს მხრიდან, მაშინ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი მუხლების დარღვევა დადასტურდეს, როგორიცაა მეორე და მესამე", - თქვა ბურჯალიანმა.

ბურჯალიანის თქმით, სამართლებრივი ბერკეტები არსებობს და იგი იმედოვნებს, რომ ხელისუფლება მათ გამოიყენებს.

 

კომენტარები