იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, პრემიერმინისტრსა და ექსპერტებს შორის გუშინდელი შეხვედრა საჭირო იყო. მისი აზრით, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც უნდა გაიმართოს.
"გუშინდელი შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, მიუხედავად მისი ხანგრძლივობისა, რომელმაც გადაღალა პრემიერიც და ექსპერტებიც. ეს იყო საჭირო, რადგან იყო გამჭვირვალე და დეტალურად გაეცა ყველა კითხვას პასუხი. ამგვარი შეხვედრები მომავალშიც უნდა გაიმართოს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ კი, პრემიერის და ექსპერტების შეხვედრას უპრეცედენტო უწოდა.
"ამდენი საათის განმავლობაში ღია ეთერში ქვეყნის პრემიერი ესაუბრებოდა იმ ექსპერტებს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში განსხვავებულ აზრებს გამოთქვამდნენ, ხან ძალიან კრიტიკულს და ხან შეიძლება კარგს, ხან შეუსაბამოს, ხან შეიძლება ძალიან ობიექტურს. ეს გარჩევა მიდიოდა პირდაპირ ეთერში, ბუნებრივია, იქნებოდა ცხარე კამათიც. ის - ვინ როგორ იმართლა თავი, ვინ როგორ დაასაბუთა თავისი გამონათქვამი, მხოლოდ დეტალებია. ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ ქვეყნის პირველი პირი ასე ღიად ესაუბრება ექსპერტებს. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა. მე არ ვიცი, რომელი ქვეყნის პირველი პირი გაბედავს, პირდაპირ ეთერში დაჯდეს და წინასწარ ჩაწყობილი კითხვა-პასუხის გარეშე ესაუბროს საზოგადოებას ექსპერტებთან ერთად", - აღნიშნა დავით საგანელიძემ.





