ისრაელის ელჩი ხურვალეთში

ისრაელის საელჩომ დევნილებს სარწყავი სისტემები გადასცა

24saati.ge

ისრაელის ელჩმა საქართველოში, იუვალ ფუქსმა ხურვალეთში დევნილებს სარწყავი სისტემები გადასცა. სისტემების გადაცემა პროექტის "იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება ბოსტნეულის წარმოების სფეროში თანამედროვე ტექნიკითა და ტექნოლოგიებით" ფარგლებში მოხდა.

იუვალ ფუქსმა ასევე განაცხადა, რომ ის და ისრაელის მთავრობა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. "დღევანდელი პროექტის მიზანი იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების გაუმჯობესებაა. იმედია, მსგავსი საქმიანობა მომავალშიც გაგრძელდება. საქართველოს მთავრობისგან დიდ თანადგომას ვგრძნობთ. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს ამერიკის საელჩოდან, ახალი ეკონომიკური ინიციატივიდან და ნეტაფიმიდან. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი დღე პოლიტიკური ღონისძიება არაა, მაგრამ ფაქტია, რომ ახლა ადმინისტრაციულ საზღვართან ძალიან ახლოს ვიმყოფებით. არაერთხელ მითქვამს და კვლავაც გავიმეორებ, რომ ისრაელის სახელმწიფო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს და მომავალშიც ასე იქნება. უკეთესია, გავზარდოთ ბოსტნეული, ვიდრე გამყოფი ღობეები საზღვრებზე", - აღნიშნა იუვალ ფუქსმა. 

პროექტის ფარგლებში ფერმერებს ისრაელში წარმოებული 45 თანამედროვე წვეთოვანი სარწყავი სისტემა გადაეცათ, რაც მათ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საშუალებას მისცემს. 

კომენტარები