საიას ანგარიში

საია აუდიტის სამსახურს ბათუმის რეაბილიტაციის პროექტების განხილვისკენ მოუწოდებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ ბათუმის რეაბილიტაციის შესახებ მომზადებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ბათუმის მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებზე 3 533 364 ლარი დაიხარჯა. ორგანიზაციამ ანგარიშში ქალაქის თვითმმართველობის მიერ 2009-2013 წლებში ბათუმის ისტორიული უბნებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამა მიმოიხილა, ასევე ისეთი პროექტები, როგორიცაა ანბანის კოშკის, პიაცას მოედნის, ისტორიული ფორტისა და ოპერის სახლის მშენებლობა.

საიას იურისტისა და ანგარიშის ავტორის, სულხან სალაძეს თქმით, პროგრამის ბიუჯეტი დაწყებიდან დღემდე 207 მილიონ ლარს აჭარბებს.

"ძალიან ბევრი კითხვაა, თუ რატომ ფინანსდებოდა იმ ტიპის პროექტები, რომლებიც აღარ განხორციელებულა შემდეგში, ან სამუშაოები დაწყებული იყო და აღარ გაგრძელებულა", - თქვა სულხან სალაძემ.

საიას ანგარიშის თანახმად, ბათუმის მერიის მიერ ყველაზე ხშირად სახელმწიფო შესყიდვების ის ფორმები გამოიყენებოდა, რომლებიც, როგორც წესი, ნაკლებად კონკურენტულია და გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტს ვერ უზრუნველყოფს. კერძოდ, მარტო პიაცას მოედნის პროექტის, ანბანის კოშკის მშენებლობისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის მიზნით, ბათუმის მერიამ, 80 მილიონზე მეტი ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვა ერთ პირთან მოლაპარაკებისა და გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის გზით განახორციელა. გარდა ამისა, ანგარიშის თანახმად, სხვადასხვა წლებში პროგრამის ფარგლებში, ბათუმის მერიამ მომსახურებისა და სამუშაოს სახით მილიონობით ლარის ღირებულების  ისეთი პროექტები შეისყიდა, რომლებიც შემდგომში აღარ განხორციელებულა. მათ შორის, ოპერის თეატრის მშენებლობა ბათუმის ძველ ბულვარში, ბათუმის ფორტი, ანუ თეთრი კოშკი, პიაცას გადახურვის პროექტი და სხვა. 

ანგარიშის თანახმად, დაფინანსებული პროექტების პარალელურად, ბათუმში არაერთი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობა განადგურდა და/ან სახე მნიშვნელოვნად იცვალა.

საიას აღმასრულებელი დირექტორის ეკა ფოფხაძის თქმით, პრობლემები გამჭვირვალობასთან დაკავშირებითაც გამოვლინდა. ასევე აღმოჩნდა, რომ შესყიდვების პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობდა. მისივე თქმით, ერთობლიობაში, ყოველივე ეს ბათუმის რეაბილიტაციის პროცესის კანონიერებასთან დაკავშირებით  ეჭვებს ბადებს. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ აუცილებელია პროგრამის კომპლექსური შესწავლა და აუდიტის სამსახურის მიერ დაინტერესება. საია შესაბამის ორგანოებს ანგარიშში მოყვანილი ფაქტებით დაინტერესებისკენ და გამოძიებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები