თბილისის განვითარების ფონდი

იტალიაში თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე დააკავეს

შსს

იტალიელმა სამართალდამცველებმა ინტერპოლის მიერ ძებნილი, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი საბანაძე დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, საბანაძე ინტერპოლის წითელი ცირკულარით დაკავების და ექსტრადიციის მიზნით საერთაშორისო ძებნაში 2013 წლის 19 აგვისტოდან იმყოფებოდა. მას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გულისხმობს ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით მითვისება-გაფლანგვას.

2010 წლის 16 ივლისიდან 2012 წლის 16 ოქტომბრამდე გიორგი საბანაძეს თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. გამოძიების ვერსიით, მან თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროს ალექსანდრე თაბუაშვილთან და თბილისის ვიცემერ დავით ალავიძესთან ერთად 2011 წლის შემოდგომაზე ჩამოაყალიბა ორგანიზებული ჯგუფი, რომელშიც ასევე ჩართული იყვნენ სხვა ოფიციალური პირები და საჯარო მოსამსახურეები.

"აღნიშნული ჯგუფის მიზანი იყო 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების წინასაარჩევნო ხარჯების თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი თანხებით უკანონო და განმეორებითი დაფინანსება. 2011 წლის 9 ნოემბერს გიორგი საბანაძემ მიმართა სს „ლიბერთი ბანკს“ და მოითხოვა 719 ცალი სახელფასო ბარათის დამზადება იმ სპეციალისტებისთვის, რომელთაც თითქოს უნდა შეემოწმებინათ თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი შენობა, სინამდვილეში კი ისინი წარმოადგენდნენ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს. გიორგი საბანაძემ ალექსი თაბუაშვილს გადასცა პლასტიკური ბარათები, რომლებზეც სხვადასხვა დროს უკანონოდ ირიცხებოდა თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი თანხები. თაბუაშვილმა თავის მხრივ დაარიგა აღნიშნული ბარათები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის რაიონულ ორგანიზაციებში, ხოლო ბარათებზე დარიცხული თანხები ნაწილდებოდა პარტიის აქტივისტებს შორის ხელფასის სახით. ამრიგად, 2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ივნისამდე ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა უკანონოდ მიითვისეს ფონდის კუთვნილი თანხა 13 852 497 ლარის ოდენობით", - აცხადებს შსს და აღნიშნავს, რომ 2012 წლის თებერვალ-ივლისის პერიოდში გიორგი საბანაძემ და დავით ალავიძემ ფონდის კუთვნილი თანხებით უკანონოდ დააფინანსეს ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანია და პარტიის ლიდერების შეხვედრა მათ მხარდამჭერებთან.

"ამის შედეგად მათ უკანონოდ გაფლანგეს ფონდის კუთვნილი 719 862 ლარი. 2012 წლის 16 ივლისიდან 3 ოქტომბრამდე საბანაძემ და ალავიძემ „ლიბერთი ბანკში“ არსებული თბილისის განვითარების ფონდის ანგარიშიდან უკანონოდ მიითვისეს 34 328 463 ლარი. გიორგი საბანაძეს იტალიის სამართალდამცავი ორგანოების მიერ შეეფარდა წინასაექსტრადიციო პატიმრობა და მის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული პროცედურები", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

ამავე საქმეზე ფინანსურმა პოლიციამ მერიის მაღალჩინოსნები რამდენიმე თვის წინ დააკავა. მოგვიანებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოაქვეყნა თბილისის მერის ყოფილი მოადგილის დავით ალავიძის, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარის დავით ავალიანის და თბილისის მერიის შესყიდვების სამსახურის ყოფილი უფროსის ალექსი თაბუაშვილის ჩვენებები. დავით ალავიძე და ალექსი თაბუაშვილი ჩვენებებში აღიარებენ, რომ დანაშაულებრივი სქემის შესრულება და ფინანსური მაქინაციები იუსტიციის ყოფილი მინისტრის ადეიშვილის დავალებით ხდებოდა. ამის შემდეგ, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ.

კომენტარები