მარგველაშვილის გამოსვლა

მარგველაშვილი: სოფლის დახმარების პროგრამით სიღარიბე და შიმშილი უნდა დავძლიოთ

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, სოციალურად ორიენტირებულ პოლიტიკას გაატარებს.

მისი თქმით, სოფლის მეურნეობის განვითარება პრიორიტეტული იქნება. "უმნიშვნელოვანესია სოფლის დახმარების პროგრამა, მისი დახმარებით უნდა დავძლიოთ სიღარიბე და შიმშილის პრობლემები. შევქმნათ ეკონომიკის განვითარების წინაპირობები", - განაცხადა მარგველაშვილმა. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, სოფლის დახმარების პროგრამით 710 ათას ოჯახზე მეტმა ისარგებლა. სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი დაბალპროცენტიანი სესხებით კი სოფლებში საწარმოების მშენებლობა მიმდინარეობს.

მარგველაშვილმა ისაუბრა ჯანდაცვისა და განათლების საკითხებზე. მისი თქმით, წინა მთავრობის დროს ჯანდაცვა პრაქტიკული მეცნიერებიდან ბიზნესად იქცა, სადაც ექიმებისა და პაციენტების ინტერესები ყველაზე ნაკლებად იყო დაცული. მარგველაშვილმა ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს მადლობა გადაუხადა საყოველთაო დაზღვევის შექმნისთვის, მისი თქმით, ხალხი აქტიურად სარგებლობს ამ შეღავათით.

პრეზიდენტობის კანდიდატი დადებითად აფასებს განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს.

"მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა განათლებაში. უნივერსიტეტში 17 ფაკულტეტზე სწავლა უფასო გახდა, უფასოა სკოლის სახელმძღვანელოები. ბაღები გახდა უფასო. თუ ამ ყველაფერს პერსპექტივაში შევხედავთ, დავინახავთ, რომ არსებობს განვითარების სტრატეგია და ლოგიკა", - განაცხადა მარგველაშვილმა.  

 

 

კომენტარები