პროექტი Faithless 20 სექტემბერს თბილისში დაასრულებს მუსიკალურ კარიერას. უკანასკნელი პერფორმანსი ფესტივალ Batumi Summer Set 2013-ის დახურვაზე გაიმართება, რის შემდეგაც მუსიკოსები შეწყვეტენ პროექტის სახით არსებობას.
ბათუმში მომხდარი ძლიერი სტიქიის გამო, 24 აგვისტოს ფესტვალის მესამე დღის კონცერტი ჩაიშალა, რა დროსაც დაზიანდა სცენა და აპარატურა. სწორედ ამ მიზეზით, ჯგუფის წევრებმა რამდენიმე დღით გააგრძელეს 18–წლიანი მუსიკალური კარიერა. ისინი თბილისში კერძო თვითმფრინავით 20 სექტემბერს ჩამოფრინდებიან.
Batumi Summer Set 2013-ის დახურვა თბილისში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე (ფერმწერის ქუჩა 103) მოხდება. ბილეთის ფასი უცვლელია: ღონისძიებაზე დასწრება 35 ლარი ღირს. ბილეთები იყიდება ფილარმონიის სალაროებში, მათ შეძენას ფესტივალის დახურვაზე მოსული მელომანები ადგილზეც შეძლებენ.
20 სექტემბერს FAITHLESS–თან ერთად მელომანები ქართველ არტისტებსაც იხილავენ: VAKO KEY & VAKO T; MAO & THE MINS; Vincent and Lasha; GIO SHENGELIA & SIKHA. ღონისძიების სტუმრებს 21:00–დან 05:00-მდე დელისის მეტროდან ყვითელი ავტობუსები უფასოდ მოემსახურება.
ის პირები კი, ვისაც 24 აგვისტოს ბილეთები ჰქონდათ ნაყიდი, კონცერტზე დასწრებას იმავე ბილეთით შეძლებენ.





