მესტიის საბაგიროს გაყიდვა

ინფრასტრუქტურის სამინისტრო: თეთნულდის საბაგირო არ იყიდება

დავით ნარმანია
RFE/RL

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, თეთნულდის საბაგირო არ იყიდება. სამინისტროს განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მორიგი სიცრუე გაავრცელა - თითქოს მთავრობა მესტიაში საბაგირო გზის გაყიდვას ცდილობს. უწყების მტკიცებით, საქართველოს მთავრობა, პირიქით, ცდილობს, რომ "წინა მთავრობის მიერ დატოვებული მანკიერებები აღმოფხვრას" და მესტიაში საკურორტო ინფრასტრუქტურა უფრო მეტად განავითაროს.

"დღეისათვის მესტიაში, ჰაწვალი-ზურულდის მონაკვეთზე, ფუნქციონირებს ერთადერთი საბაგირო, რომელიც ამ წუთისთვისაც მუშაობს. წელს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, აღნიშნული საბაგიროს გამართული ფუნქციონირებისთვის 440 ათასი ლარი გამოიყო. გარდა ამისა, მესტიაში თეთნულდის სათხილამურო კურორტის განვითარების პროექტის განხორციელება გრძელდება. ამ დროისთვის 3,2 ჰექტარზე მოეწყო სასაწყობე მეურნეობა, სადაც უკვე დასაწყობებულია 60 კონტეინერი. დამატებით, წლის ბოლომდე ველოდებით 100 კონტეინერის მიღებას. მთლიანობაში, წელს, ოქტომბრის ბოლომდე დასაწყობდება 170-მდე კონტეინერი, ხოლო 2014 წლიდან დაიწყება ახალი საბაგირო გზების დამონტაჟება. აქვე, გვინდა, განვაცხადოთ ისიც, რომ წინა ხელისუფლების პირობებში თეთნულდის განვითარების სრულყოფილი პროექტი არ არსებობდა. არსებობდა მხოლოდ ძირითადი პარამეტრები და ნიშნულები, სადაც საბაგიროები უნდა დამონტაჟებულიყო. ამჟამად მიმდინარეობს დეტალური პროექტირება, მათ შორის, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, წყალარინების, შიდა გზებისა და ა.შ. სწორედ ამგვარი დეტალური პროექტი მოგვცემს თეთნულდის საკურორტო ზოლის სწორად და ეფექტურად განვითარების შესაძლებლობას. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს პრეზიდენტი და მისი გარემოცვა მიზანმიმართულად ცრუობს. კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოვუწოდებთ პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას, თავი შეიკავონ მიზანმიმართული და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან. ყოველივე ეს მათი მხრიდან უკვე არასერიოზულ ხასიათს იღებს", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით კი, მთავრობა მესტიაში საბაგირო გზის გაყიდვას აპირებს.

"მთავრობა ამ საბაგიროს გაყიდვასაც ცდილობს და ყველაფერს აკეთებს, რომ გაიზიაროს იგივე ბედი, რაც გააკეთეს ლაზიკის პროექტთან, სარკინიგზო მაგისტრალთან და სხვა პროექტებთან დაკავშირებით, რომელსაც მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება უნდა მოეტანა", - აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.

 

 

 

კომენტარები