საზოგადოებრივი მაუწყებელი

საინიციატივო ჯგუფი: სამეურვეო საბჭო კოლექტივის მუშაობას ხელს უშლიდა

პირველი არხი

 საზოგადოებრივ მაუწყებელში სამეურვეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. სხდომა 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა, წევრთა არასრული რაოდენობის გამო, მისი დაწყება დაგვიანდა. დღევანდელ სხდომაზე საბჭოს წევრები ორ საკითხს განიხილავენ. პირველი საკითხია, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადება. რაც შეეხება მეორე საკითხს, საბჭოს წევრები მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის და მისი მოადგილეების, ასევე საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის სოფო მოსიძის და შიდა აუდიტის ხელმძღვანელის მაია ბუზალაძისგან მაუწყებელში მიმდინარე საკითხების შესახებ ინფორმაციას მოისმენენ. 

ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინიციატივო ჯგუფი პარლამენტისგან სამეურვეო საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. საინიციატივო ჯგუფის წევრის და მეორე არხის პროდიუსერის დოდო შონავას განცხადებით, მაუწყებელში მიმდინარე პროცესები საბჭოს მხრიდან ერთგვარი საბოტაჟია.

"პარლამენტისგან ვითხოვთ, დადგეს სამეურვეო საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხი. რაც აქ ხდება, მუდმივი სტრესი და მუდმივი არეულობა, ეს საბოტაჟის ხასიათს იღებს საბჭოს მხრიდან. ჩვენი აზრით, პარლამენტმა უნდა გამოიყენოს კონსტიტუციითა და კანონით მინიჭებული ყველა უფლება და დააყენოს საბჭოს პასუხისმგებლობის საკითხი საბოტაჟის მცდელობისთვისაც კი. ამ ერთ წელიწადში საბჭო მხოლოდ იმას აკეთებდა, რომ ხელი შეეშალა კოლექტივის მუშაობისთვის", - აღნიშნა შონავამ. მისივე თქმით, სამეურვეო საბჭომ უნდა გააცნობიეროს, თუ რა ორგანიზაციას ხელმძღვანელობს. ამასთან, როგორც შონავა აცხადებს, საკითხავია ისიც, თუ რამდენად კანონიერია საბჭოს ბილო ერთი წლის საქმიანობა.

6 სექტემბერს, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ არხის გენერალურ დირექტორს გიორგი ბარათაშვილს უნდობლობა უკვე მეორედ გამოუცხადა. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობას ბარათაშვილის მოადგილე თამაზ ტყემალაძე შეასრულებს. საბჭოს წევრის გიორგი მელაძის განმარტებით, ბოლო 3 თვეა უშედეგოდ ცდილობენ მენეჯმენტისგან გაიგონ სამომავლო გეგმები ფინანსურ და პროგრამულ საკითხებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში ვერ მოხერხდა ნორმალური სამუშაო ვითარების შექმნა. 

კომენტარები