სოფელი ჭელა

ზაქარეიშვილი: რელიგიური ნაგებობების მშენებლობას სათანადო ნებართვა ესაჭიროება

Paata Zakareishvili
Dimitri Chikvaidze / Tabula

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი მოუწოდებს სოფელ ჭელას მუსლიმ მრევლს, "მიმართონ კანონით დადგენილ სტრუქტურებს მინარეთის აღმართვის კანონიერი უფლების მოსაპოვებლად". ამის შესახებ განცხადება მინისტრმა დღეს გააკეთა და აღნიშნა, რომ მთავრობაში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა საკნონმდებლო ბაზის შესაქმნელად, რომელიც რელიგიური და საკულტო ნაგებობების მშენებლობის ნორმებს დაარეგულირებს.

"აღმსარებლობის თავისუფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს მთავრობა არ დაუშვებს ამ გარანტიების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო ორგანოებს, საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების დროს, აკისრიათ ვალდებულება, იმოქმედონ განსაკუთრებული სიფრთხილით, როდესაც საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეთა რელიგიურ გრძნობებს. ხშირ შემთხვევაში, მინარეთის გამოყენება მუსლიმური ღვთისმსახურების განხორციელების შემადგენელი ნაწილია, რომელიც, როგორც წესი, მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზეა განლაგებული", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, სოფელ ჭელაში მომხდარი ინციდენტი ამოწურულია. "როგორც გუშინ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა განმარტა, მინარეთის კონსტრუქციის სრულყოფილი სასაქონლო ექსპერტიზა დასრულებულია. საბაჟო სამსახური ახორციელებს კანონით დადგენილ პროცედურებს და ტვირთი მეპატრონესთან არის დაბრუნებული. შესაბამისად, დაცულია კანონის მოთხოვნები, რაც თანაბრად სავალდებულოა ყველასთვის, რელიგიური გაერთიანებების ჩათვლით. საქართველოს კანონმდებლობით, რელიგიური ნაგებობების, ისევე როგორც ნებისმიერი შენობის მშენებლობას, სათანადო ნებართვა ესაჭიროება", - აღნიშნა ზაქარეიშვილმა.

ჭელაში, მინარეთის დემონტაჟი შემოსავლების სამსახურმა სასაქონლო ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობით ახსნეს. რამდენიმე დღეში, მინარეთი სოფელში დააბრუნეს, მაგრამ იგი არ აღუმართავთ - დალუქეს, დაასაწყობეს და მიუჩინეს დაცვა, როგორც ეს საქართველოს საპატრიარქოში გადაწყდა.

კომენტარები