სირიის კონფლიქტი

ობამამ კონგრესს სირიაში სამხედრო ინტერვენციის განხილვის გადადებისკენ მოუწოდა

reuters.com

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ სატელევიზიო მიმართვაში თქვა, რომ არ დაიშურებს ძალისხმევას სირიის პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის. თუმცა, სამხედრო ძალებს მზადყოფნისკენ მოუწოდებს, იმ შემთხვევაში, თუ დიპლომატია შედეგს არ მოიტანს.

ობამამ ასევე კონგრესს სირიაში სამხედრო ინტერვენციის საკითხის განხილვის გადადებისკენ მოუწოდა.

რუსეთმა სირიას მოუწოდა, რომ ქიმიური იარაღი საერთაშორისო კონტროლისთვის ჩაებარებინა, რაზეც სირია დათანხმდა. ობამას თქმით, ის მიესალმება რუსეთის ძალისხმევას, თუმცა, "ჯერ ნაადრევია იმაზე ფიქრი, რომ შეთავაზება შედეგს გამოიღებს".

ობამას თქმით, სამხედრო შეტევის მიზანი ასადის რეჟიმის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შეჩერება იქნებოდა და სირიისთვის იმის ჩვენება, რომ მსოფლიო ასეთ ფაქტებს ტოლერანტულად არ შეხვდება.

ბარაკ ობამამ ასევე დაადასტურა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის ნათქვამი. კერიმ თქვა, რომ აშშ სირიის კონფლიქტთან დაკავშირებით საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად მოლაპარაკებებს რუსეთთან და ჩინეთთან აწარმოებს და გაეროს უშიშროების საბჭოს საბოლოო დასკვნას ელოდება, რათა ბაშარ ალ-ასადმა უარი თქვას ქიმიურ იარაღზე და საერთაშორისო კონტროლს ჩააბაროს, რომელიც ამ იარაღს გაანადგურებს.

დღეს ჯონ კერი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, შეხვდება.

კომენტარები