ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი ლატვიაში

ბიძინა ივანიშვილი: არჩევნები იქნება ევროპული

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით ლატვიის გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შესახებ პრემიერმა ლატვიელ კოლეგასთან ვალდის დომბროვსკისთან შეხვედრისას განაცხადა. ბიძინა ივანიშვილის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერებმა ორ ქვეყანას შორის მრავალმხრივი ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

"ორივე მხარემ აღვნიშნეთ, რომ ალტერნატივა არ აქვს იმ მეგობრულ ურთიერთობებს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს. ჩემი მხრივ, დავარწმუნე კოლეგა, რომ ის დახმარებები და მხარდაჭერა, რომელსაც ლატვიისგან ვიღებთ, ფუჭად არ ჩაივლის და საქართველო უახლოეს მომავალში გახდება ევროატლანტიკური სივრცის ღირსეული წევრი. ევრაზიის კავშირს ან სხვა ნებისმიერ კავშირს რაც შეეხება, რომელიც შეიძლება ჩამოყალიბდეს ჩვენთან ახლოს ან მოშორებით, რა თქმა უნდა, ჩვენ შევისწავლით, დავაკვირდებით და თუ ის საინტერესო და ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება, შეიძლება ნებისმიერ გაერთიანებაში მივიღოთ მონაწილეობა, მაგრამ ხაზს ვუსვამ, არა ჩვენი სტრატეგიის საფასურად და მის საზიანოდ. სტრატეგია იქნება შეუცვლელი", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე განმარტებით, ლატვიელ კოლეგასთან საქართველოში მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებზეც ისაუბრა.

"მე დავარწმუნე კოლეგა, რომ არჩევნები იქნება ტიპიურად ევროპული. დამკვირვებელი იქნება ძალიან ბევრი და ჩვენ დავარწმუნებთ ევროპას, რომ შეგვიძლია ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები", - დასძინა ივანიშვილმა.

ლატვიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლატვიის პრეზიდენტს, ანდრის ბერზინშისაც შეხვდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა, რომელსაც საქართველოს დელეგაცია სრული შემადგენლობით ესწრებოდა, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

ბიძინა ივანიშვილის ლატვიაში ვიზიტი დღეს დაიწყო.

კომენტარები