იუსტიციის უმაღლესი საბჭო

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ცვლილებები მოამზადა

ტაბულა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ხუთ საკანონმდებლო აქტში ცვლილება მოამზადა. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა განმარტა, პირველი ცვლილება  მოსამართლეთა უვადო დანიშვნის პროცედურების დროულ დაწყებას უკავშირდება.

"საკანონმდებლო ცვლილება 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანული კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანას გულისხმობს. კონსტიტუციაში უკვე არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა ამოქმედდეს მოსამართლეების უვადო დანიშვნის სისტემა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივაც სწორედ ამ პროცედურების დროულად დაწყებას შუწყობს ხელს", - განაცხადა კუბლაშვილმა. მისივე თქმით, მეორე ცვლილება მოსამართლეთა სოციალური გარანტიების გაზრდაა. ცვლილების მიხედვით, პირველი ინსტანციის მოსამართლის დარიცხული ხელფასი 4000 ლარამდე უნდა გაიზარდოს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ინფორმაციით, შემდეგი ორი ცვლილება მოსამართლეთა საპენსიო სისტემის ახალი მოდელის ამოქმედებას და დისციპლინური სამართალწარმოების დახვეწას ეხება.

"სასამართლო ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინარული საქმისწარმოების დაწყების საფუძველი უნდა გახდეს მხოლოდ და მხოლოდ სამოსამართლეო ეთიკის ნორმების დარღვევა", - აღნიშნა კუბლაშვილმა და დაამატა, რომ კიდევ ერთი ინიციატივით, იუსტიციის უმაღლესი სკოლის სასწავლო კურსის ხანგრძლივობა გაიზრდება. 

"საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მოსამართლეობის კანდიდატთა უკეთ მომზადების მიზნით, იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სწავლების კურსი 10 თვიდან უნდა გაიზარდოს 15 თვემდე. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მომავალ კვირას იმსჯელებენ", - დასძინა კუბლაშვილმა.

კომენტარები