ტელეკომპანია მეცხრე არხი

პრემიერი: ანთაძის და მაღლაფერიძის ინიციატივას სკეპტიკურად ვუყურებ

facebook.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

საქართველოს პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მეცხრე არხთან დაკავშირებით ია ანთაძესთან, ვასილ მაღლაფერიძესთან და ცოტნე გამსახურდიასთან სატელეფონო კონსულტაცია ჰქონდა. როგორც ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ის დათანხმდა, რომ ტელეკომპანიის გადაცემაზე პრობლემა არ იქნებოდა თუ აღნიშნული პირები წარმოადგენდნენ პროექტს - როგორ უნდა გადაკეთდეს ტელევიზია საჯარო ორგანიზაციად. მისივე ინფორმაციით, ანთაძეს, გამსახურდიასა და მაღლაფერიძეს პროექტი დღემდე არ წარმოუდგენიათ. 

"სატელეფონო კონფერენცია მქონდა ია ანთაძესთან, მაღლაფერიძესთან, ცოტნე გამსახურდიასთან. მე შევეცადე გარკვეული დროის განმავლობაში დამემტკიცებინა მათთვის, რომ ეს არის ძალიან რთული გასახორციელებელი. საქართველოში საჯარო ორგანიზაცია დღეს არც ერთი არ გვაქვს და ტელევიზიის ბაზაზე ამის გაკეთება ძალიან ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული" - აცხადებს ივანიშვილი და აღნიშნავს, რომ მისი გადმოსახედიდან ეს შეუძლებელიც კია. ივანიშვილის თქმით, კონსულტაციისას, არც ერთმა მათგანმა "არ იღო ყურად" მისი მტკიცებულებები.

"აგრძელებდნენ საუბარს იმაზე, რომ მოახერხებდნენ და შეძლებდნენ. მე მივხვდი, რომ ვერ დავარწმუნებდი და ჩემთვის უფრო იოლი გზა გამოვძებნე – დავეთანხმე მათ და ვუსურვე, რომ ღმერთმა ხელი მოუმართოს, გამოსვლოდეთ და ჩემი მხრიდან გადაცემაზე არანირი პრობლემა არ იქნება. მე მათ ვთხოვე, რომ დაემუშავებინათ  დოკუმენტი, გაეწერათ ყველაფერი, თუ როგორ ახერხებდნენ ამას და დაედოთ. დღემდე პროექტი მე არ მაქვს. ძალიან რთული იქნება ტელევიზიის საზოგადოებრივად გარდაქმნაც და მისი მართვაც. უმჯობესი იქნება ყურადღება გადავიტანოთ საზოგადოებრივ არხზე, რომელიც გვაქვს, რათა გახდეს ობიექტური და ჩადგეს ხალხის სამსახურში", - აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ  ანთაძის, მაღლაფერიძისა და გამსახურდიას ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს. პრესკონფერენციაზე ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ არასამთავრობო სექტორისა და მედიის რიგი წარმომადგენლების საქმიანობით უკმაყოფილოა.

„მე არცთუ დიდი წარმოდგენის ვარ მათზე. არიან პროფესიონალები, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა არ აქვთ. არ არიან თანმიმდევრულნი. ძალიან ხშირად საზოგადოებას აშფოთებენ და ზიან მხოლოდ პირად ინტერესებზე. არავინ იფიქროს, რომ თავისუფალ სიტყვას ბრძოლას დავუწყებ. ყველას ექნება გამოხატვის საშუალება, მაგრამ საზოგადოებამ უნდა გაიგოს, ვის მოუსმინოს და ვის სიტყვას აქვს ფასი“ – ამბობს ივანიშვილი.

ცნობისთვის, საინიციატივო ჯგუფს, რომელსაც ია ანთაძე, ვასილ მაღლაფერიძე, ცოტნე გამსახურდია და სხვები წარმოადგენენ, სააქციო საზოგადოების ჩამოყალიბება და მეცხრე არხის ყიდვა სურს. 

 

 

კომენტარები