ტელეკომპანია ტაბულა

პრემიერი ტაბულას ჟურნალისტის უკანონო ჩხრეკაზე: სამტკიცი გაგაჩნიათ?!

ტაბულამ პრემიერს, ბოლო დროს, ქუჩებში გახშირებულ პოლიციის რეიდებთან დაკავშირებითაც დაუსვა კითხვა და ტელეკომპანიის ჟურნალისტის, გიორგი სიხარულიძის უკანონო ჩრეკა, მისთვის მასალის წართმევა და განადგურება გაიხსენა. ამასთან დაკავშირებით პრემიერმა განაცხადა, რომ ვერ დაიჯერებს, რადგან ეს წინა ხელისუფლების ხელწერა იყო, რომელსაც "თქვენ იცავთ".

"ბოდიში მომიხდია, გაქვთ თქვენ ამის ფაქტები? სამტკიცი გაგაჩნიათ? მაგას ხომ ყველა იტყვის..." - თქვა ივანიშვილმა.

პრემიერს ტაბულამ უთხრა, რომ ჟურნალისტმა სასამართლოში იჩივლა და მტკიცების ტვირთი პოლიციაზეა.

"მე დიდ პატივს ვცემ თქვენს ჟურნალს მათ რიცხვში და ყველა გამომცემლობას, რაც არსებობს საქართველოში, ვის უჭერს მხარს და სად იყო ოდესღაც, ამის მიხედვით მე არ ვექცევი ჟურნალისტებს და არც უნდა ვექცეოდეთ" - განაცხადა ივანიშვილმა.

ტაბულა: მოკვლევის გარეშე ამბობთ რომ ეს არ მომხდარა?

"ამას როდესაც თქვენ ამბობთ, ეს ხელწერა იყო წინა ხელისუფლების, თქვენ სამტკიცი არ გაგაჩნიათ და იმას რასაც ამბობთ, მუდმივად ჟღერდება ნაციონალური მოძრაობიდან, რომლებიც ჩვენს ოპონენტებად ითვლებიან. მათ რიცხვში გიგა ბოკერიაც, რომელმაც შემომითვალა, რომ უკვე მომიხსნა ეს ბრალდება, რომ რუსეთის აგენტი ვარ. ამას თვეების განმავლობაში ამბობდა, ყოველგვარი აპელირების გარეშე, და თქვენ იმ მთავრობას, რომელსაც მხარს უჭერთ და არ მალავთ ამას და ძალიანაც კარგი, ცუდი ამაში არ არის, მათი ხელწერა გახლდათ ეს, ზუსტად."

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია ტაბულას ჟურნალისტმა, გიორგი სიხარულიძემ, შსს-ს წიანააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. 24 აგვისტოს, დაახლოებით 20:15 წუთზე, კოსტავას ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის რეიდის გადაღების მომენტში, პოლიციის 5-მდე თანამშრომელმა გიორგი სიხარულიძე მანქანიდან ჩამოსვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გადაღებული მასალა მობილური ტელეფონიდან წაუშალა.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მისი შეჩერება, ზედაპირული შემოწმება და ავტომობილის ჩხრეკა მოხდა უკანონოდ და დაუსაბუთებლად, რისთვისაც, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის მუხლი 9 (პრიმა) (შეჩერება და ზედაპირული შემოწმება), პუნქტი 5 შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, მოითხოვს ფულად კომპენსაციას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საკითხზე ჩატარდა მოკვლევა და პოლიციელების მხრიდან კანონდარღვევა არ დადასტურდა. აღსანიშნავია, რომ მოკვლევისას შსს არ დაკავშირებია დაზარალებულ გიორგი სიხარულიძეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმაც და ფაქტს შემაშფოთებელი უწოდეს.

კომენტარები