საქართველო- რუსეთის ურთიერთობა

ივანიშვილი: ჩვენ რუსეთს რა მოვთხოვოთ, საკუთარ თავს უნდა მოვთხოვოთ

Georgian tycoon and politician Bidzina Ivanishvili speaks during an interview with Reuters at his office in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

ბიძინა ივანიშვილმა ექსპოჯორჯიაში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე ისაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, რა მისია შეიძლება შეასრულონ რუსეთში მოღვაწე წარმატებულმა ბიზნესმენებმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დალაგებაში, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ყველა ბიზნესმენს დახმარების შეთავაზებაზე უარი უთხრა, რადგან ” ეს ცოტა ზემოდან უნდა დათბეს ჯერ და დალაგდეს”.

”რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობას, ბევრმა ბიზნესმენმა გამოიჩინა ინიციტივა, მე მქონდა შეხვედრები, რისთვისაც მათ მადლობა გადავუხადე. და დღეს შემიძლია საჯაროდ, ყველას გასაგონად განვაცხადო, რომ მე ძალიან ვფრთხილობ, ძალიან ვუფრთხილდები რუსეთთან ურთიერთობის დალაგების თემას. ეს გუნდის წევრებმა კარგად გააცნობიერეს. მე ძალიან ვფრთხილობ, რომ არაფერი შეგვეშალოს. ძალიან ვფრთხილობ გამონათქვამებში, ძალიან ვფრთხილობ ქმედებებში. თემა არის ძალიან ფაქიზი. მე ყველას უარი ვუთხარი, ყველა ბიზნესმენს , რომ ამ ეტაპზე მათ არ აქვთ რეალური პოტენცია, რამეთუ ეს ცოტა ზემოდან უნდა დათბეს ჯერ და დალაგდეს. ბიზნესმენი, რომელიც ზედმეტად იაქტიურებს, შეიძლება მძიმე შედეგიც მიიღოს თუ გნებავთ. თუმცა ამის საფუძველი დღეს შეიძლება აღარც არსებობს.უფრო მეც ამას საკუთარ სიფრტხილეს მივაწერდი, რომ რამდენიმე მხრიდან და სხვადასხვა მხრიდან მართული სიტუაცია შეიძლება რთული პროცესი აღმოჩნდეს კრემლისთვის და მე ძალიან ვფრთხილობ.  ძალიან დააზიანა წინა ხელისუფლების გაუგებარმა განცხადებებმა და ქმედებებმა რუსეთთან ურთიერთობა.  დიდი ზარალი მიაყენეს ამით ჩვენ ქვეყანას. მე ნაბიჯ-ნაბიჯ ვცდილობ , ძალიან მძიმე სიტუაცია მივიღეთ ჩვენ, ძალიან მძიმე, ჩიხში შეგვიყვანეს ბოლომდე. მემკვიდრეობა მივიღეთ რუსეთთან ურთიერთობაში. გასაგებია, რომ რუსეთმა ჩაიდინა დიდი აგრესია. საქართველოს კი არ ვადანაშაულებ, მიაქციეთ ყურადღება გემზე როდესაც გვქონდა გამოსვლა, იქ პრეზიდენტმა 2 წუთიანი გამოსვლის ნაცვლად, 40 წუთიანი ”რეჩი” რომ დაარტყა და დაიწყო გარჩევები,მაშინაც ვუთხარი, საქართველოს არ ვადანაშაულებ, შენ გადანაშაულებ-მეთქი. შენ იყავი არაკონსტრუქციული და შენ ჩაიდინე უამრავი შეცდომები.” - თქვა ივანიშვილმა.

ივანიშვილის თქმით, სწორად საქართველოს ხელისუფლება უნდა მოიქცეს და რუსეთთან ურთიერთობაში დიდი სიფრთხილე გამოიჩინოს. 

”ჩვენ რუსეთს რა მოვთხოვოთ, საკუთარ თავს უნდა მოვთხოვოთ, ჩვენ უნდა მოვიქცეთ სწორედ. ჩვენი ხელისუფლება უნდა მოიქცეს გააზრებულად. ძალიან ვფრთხილობ ჩვენს ყველა გამოსვლასა და გამონათქვამში. ამიტომ ბიზნესმენს რომ გადავაბარო და იქ ისე არ მივიდეს ამბავი, ისე ვერ თქვას, ისე ვერ დააფიქსიროს,მე ვფიქრობ, რომ პოზიტივში ვართ დღეს. რაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, იქ იყო მავთულხლართების გადმოწევა. ეს არ დაწყებულა ამ წელს, იცოდეთ კარგად. ეს იყო 2008 წლიდან მოყოლებული,2009-შიც იყო, 2010-11-შიც იყო. ეს პრობლემები არსებობდა. ცუდია, რომ დღესაც არსებობს.თუ შევაჯამებთ, რუსეთთან ურთიერთობებში ჩვენ აუცილებლად წინ წავიწიეთ. უკეთესი მდგომარეობა გვაქვს დღეს,ვიდრე დაგვხვდა. მე ძალიან ვუფრთხილდები ამ სიტუაციას. მე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, და ყველაფერს გავაკეთებ სანამ ვარ პოლიტიკაში და იმის შემდგომაც, რომ ჩვენს დიდ მეზობელთან ურთიერთობა დავალაგოთ და გვჯერა, რომ ჩვენ დავალაგებთ. გვჭირდება ეს და ამას მივაღწევთ.” - აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები