ეკონომიკური ვარდნა

ივანიშვილი: ეკონომიკური ვარდნა მართლაც არსებობს

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ექსპოჯორჯიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომიკური ვარდნის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ამ თემაზე სპეკულაციები მიმდინარეობს. 

”ძალიან ბევრი სპეკულაცია მიდის ეკონომიკურ ვარდნასთან დაკავშირებით. თუ შევხედავთ მხოლოდ ციფრებს, ეს მართლაც ესეა, აქ მართლაც გამოიკვეთება, რომ ეკონომიკური ვარდნა არსებობს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ აქ არანაირი ბრალეულობა ახალი ხელისუფლების არაა. პირიქით, სწორედ ეს არის შედეგი წინა ხელისუფლების ხანგრძლივი მოღვაწეობის, მაშინ როდესაც ეკონომიკა იმართებოდა არასწორი მეთოდებით, ის ზრდა, რაც ციფრებით მიღწეული იყო,მიღწეული იყო მხოლოდ ძირითადად სახელმწიფო სტრუქტურების აქტიურობით და ერთი კაცის გადაწყვეტილებების შედეგად, რამეთუ ნაწილი სახელმწიფო ინვესტიციების ეფექტურად ხორციელდებოდა , მხედველობაში მაქვს ის პატარა ინვესტიციები ინფრასტრუქტურის, მშენებლობის, შესახებ, და ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლება უფრო მეტად და ხარისხიანად აგრძელებს მუშაობას” - აღნიშნავს პრემიერი.

ივანიშვილის თქმით, ეკონომიკური ვარდნის პროცესი ივლისიდან დაიწყო.მან ასევე ეკონომიკის გაზრდის ძირითად მეთოდებზე ისაუბრა.

” ეკონომიკური ვარდნის პროცესი დაწყებული იყო ივლისიდან და შეუძლიათ ეს ეკონომიკურმა ექსპერტებმა გადაამოწმონ, ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის დაფინანსება,ანუ უარი ვთქვით ხელოვნურ, დამახინჯებულ მეთოდებზე და დავიწყეთ ეკონომიკის გადალაგება იმ სწორი ეკონომიკური რეფორმების გამოყენებით, რომლის საშუალეითაც წარმატებებს მიაღწია ევროპამ და აშშ-მ. ეს გახლავთ თავისუფალი კონკურენტუნარიანი ბაზარი, არცერთ შემთხვევაში არ უნდა ჩაერიოს სახელმწიფო სტურქტურა კერძო ბიზნესში.არავის არ უნდა ჰქონდეს პრივილეგია . სახელმწიფო სტრუქტურა უნდა იყოს გამჭვირვალე. ეს იქნება ის ძირითადი მეთოდები.კარგი იქნებოდა, ექსპერტების დონეზე მოხერხდება საუბარი და არ გახდება ეს თემა პოლიტიკური პოლემიკის საგანი.” - თქვა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების შესახებაც ისაუბრა და ამომრჩევლის მისამართით რამდენიმე რჩევაც გასცა.

”მე მინდა მივმართო მოსახლეობას, გამოვიჩინოთ გონიერება და ეს არჩევნები იყოს წინა არჩევნებისგან განსხვავებული ხარისხობრივად. ამისათვის ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ არჩევნები ჩატარდეს ობიექტურად, რომ არ იყოს სახელისუფლებო რესურსი ერთი კანდიდატის ან რომელიმე სხვა კანდიდატის მიმართ. მთავარი და გადამწყვეტი იქნება საზოგადოების ქმედება. კარგი იქნება თუ გავაცნობიერებთ ბოლო 20-22 წლის პოლიტიკური მოღვაწეობის შედეგებს.

გარწმუნებთ, სათავე არის აქ, რომ ჩვენ სწორი ხელმძღვანელობა უნდა ავირჩიოთ და მიაქციოთ ყურადღება, რომ არაწუთიერი, არადღევანდელი გამორჩენის მიზნით, არა პირადი ინტერესის მიზნით, არამედ შორეული სტრატეგიით, კარგად დააკვირდით, ვინ რას გეუბნებათ, ვინ რას გპირდებათ, აქვს თუ არა მას შესრულების თავი, რამდენად შეიძლება მას ენდოთ. წაიკითხეთ პროგრამები, კარგად მოუსმინეთ, გააანალიზეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთეთ არჩევანი. სწორი არჩევანი იქნება საწინდარი იმისა, რომ გავაგრძელოთ სწორი გზით სვლა.” - თქვა ივანიშვილმა.

კომენტარები