რელიგიის თავისუფლება

რესპუბლიკელები: საგანგაშოა იერარქიის პოლიტიკური ხასიათის განცხადებები

რესპუბლიკური პარტია
www.facebook.com/republicans.ge

საქართველოს რესპუბლიკური პარტია, facebook-ის ოფიციალურ გვერდზე ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

პარტია მიიჩნევს, რომ მინარეთის მიშენება მეჩეთზე კანონდარღვევით და თვითნებურად მოხდა, რაზედაც სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელი იყო რეაგირება ”მაგრამ როცა საქმე ეხება რელიგიას, სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს საკითხის დელიკატურობა და ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რათა არ დაუშვას რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირება.” - ნათქვამია განცხადებაში.

რესპუბლიკელები მიიჩნევე, რომ რელიგიური ტოლერანტობა უფრო მნიშვნელოვანია და უფრო დიდი საზოგადოებრივი სიკეთეა, ვიდრე, ”უკანონო მშენებლობის დაუყონებლივი დემონტაჟი. ამიტომ მსგავს შემთხვევებში სახელმწიფო ისეთი გადაწყვეტილების მიღებას უნდა ცდილობდეს, რომ არც მორწმუნეთა რელიგიური გრძნობები იყოს შეურაცხყოფილი და კანონის მოთხოვნაც აღსრულდეს.” - ნათქვამია რესპუბლიკური პარტიის განცხადებაში.

”სიტუაცია კვლავ გამწვავდა მას შემდეგ, როდესაც შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა ჩაატარეს სათანადო პროცედურები და გადაწყდა მინარეთის სოფელში დაბრუნება. კერძოდ, ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა ახალციხეში მოქალაქეთა ერთი ჯგუფის პროტესტი. აქციის მონაწილეებმა გადაკეტეს გზა და აცხადებენ, რომ არ დაუშვებენ მინარეთის დაბრუნებას.

ასეთი ტიპის საპროტესტო აქცია, რომლის მიზანიც პირდაპირ გაცხადებულია, როგორც კანონდარღვევა, ანუ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისთვის ხელის შეშლა, თავისთავად მიუღებელია და იმავდროულად არის ელემენტარულად სამარცხვინო ჩვენს ქვეყანაში, სადაც ყოველთვის საფუძვლიანად ამაყობდნენ რელიგიური ტოლერანტობის საუკუნოვანი ტრადიციით. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, რომ აქციაში მონაწილეობდა ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე.

არანაკლებ საგანგაშოდ მიგვაჩნია მაღალი იერარქიის სასულიერო პირთა პოლიტიკური ხასიათის განცხადებები - კერძოდ განცხადებები იმის თაობაზე, რომ ისინი იძლევიან გარანტიას და მინარეთი არ აღიმართება და ა.შ. საქართველოში ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან და ურთიერთობები სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის რეგულირდება საკონსტიტუციო შეთანხმებითა და არსებული კანონმდებლობით. როგორც სახელმწიფოს არა აქვს უფლება ჩაერიოს ეკლესიის შიდა ცხოვრებაში, ისე ეკლესიას არა აქვს უფლება იტვირთოს სახელმწიფო ფუნქციები. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უდიდესი ავტორიტეტითა და ნდობით სარგებლობს ქართულ საზოგადოებაში, მაგრამ კონკრეტული მშენებლობის მიზანშეწონილობას მხოლოდ სახელმწიფო კანონმდებლობა განსაზღვრავს.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია აცნობიერებს, რომ წარმოადგენს მმართველი კოალიციის წევრს და პოლიტიკურ პარტნიორებთან ერთად იზიარებს იმ პასუხისმგებლობას, რაც ეკისრება ქვეყნის ხელისუფლებას. ხელისუფლებისგან კი საზოგადოება მოელის კონკრეტულ ქმედებებს და არა მხოლოდ შეფასებებს. აქედან გამომდინარე, სახელისუფლო სტრუქტურებმა აუცილებლად უნდა აღასრულონ კანონის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილებები მინარეთის დაბრუნების თაობაზე.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ყოველთვის უმკაცრესი რეაგირება უნდა მოახდინოს რელიგიურ ნიადაგზე დაპირისპირების ყოველგვარ მცდელობებზე, ვისგანაც უნდა მოდიოდეს ეს, რადგან რელიგიური შემწყნარებლობა, რელიგიურ უმცირესობათა უფლებები, ზოგადად მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების პატივისცემა არის ის ღირებულება, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული ტრადიციაა, არამედ წარმოადგენს თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს.” - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები