მინარეთის დემონტაჟი ადიგენში

TI-საქართველო შემოსავლების სამსახურის განცხადებას დაუსაბუთებელს უწოდებს

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI-Georgia)  ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მეჩეთის მინარეთის მოხსნასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას დაუსაბუთებელს უწოდებს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ  შემოსავლების სამსახურის მიერ გაკეთებული განმარტება არ ამართლებს მინარეთის დემონტაჟს და ამავდროულად არ წარმოადგენს სათანადო დასაბუთებას მაშინ, როდესაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის თანახმად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია დაათვალიეროს საქონელი, აიღოს სინჯი ან/და ნიმუში. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურს არ ჰქონდა მინარეთის დემონტაჟის უფლება. 

"ამასთან, საგანგაშოა შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ის ფორმა, რომლითაც უწყებამ გადაწყვიტა შემოწმების ჩატარება, მაშინ როდესაც საკითხი ეხებოდა რელიგიურ უმცირესობებს და მათ კონსტიტუციით დაცულ უფლებებს. სახელმწიფო სამსახურის ამგვარი ზედაპირული დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის რელიგიური უმცირესობების მიმართ დაუშვებელია. ამ ქმედებებით შეილახა ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის უფლებები. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული რწმენის თავისუფლება და პატივი სცეს ყველა აღმსარებლობის წარმომადგენლებს," – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები