სასჯელაღსრულების დეპარტამენტი

ღურწკაია: ის, რომ პატიმრებს ლიდერი ჰყავთ, ბუნებრივი პროცესია

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიხეილ ღურწკაიამ ნაციონალური მოძრაობის ბრალდებას უპასუხა და განაცხადა, რომ ციხეებში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები არსებობენ, თუმცა წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, მათ ციხის ადმინისტრაციები არ ნიშნავენ.

ღურწკაიას თქმით, ყოფილი ხელისუფლება ცდილობდა ციხეებში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ჩაენაცვლებინა და ეს მხოლოდ გლდანის ციხეში შეძლო, სადაც თავად იქცა კრიმინალად. ის, რომ პატიმრებს ლიდერი ჰყავთ, სად-ის ხელმძღვანელის განცხადებით, ბუნებრივი პროცესია და მსგავსი პრობლემა ყველა ქვეყნის პენიტენციარულ სისტემას გააჩნია.

"ლიდერის ინსტიტუტის შესახებ, სასჯელაღსრულების სამინისტრომ არაერთხელ გააკეთა განცხადება. კრიმინალური ავტორიტეტები და ლიდერები სასჯელაღსრულების სისტემაში რომ არიან და იყვნენ, ეს აბსოლუტურად თვალნათელია, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან შეეცადა ნაციონალური მოძრაობა, ჩაენაცვლებინა კრიმინალური ავტორიტეტები და თვითონ გამხდარიყვნენ კრიმინალები, ეს მოახერხეს მხოლოდ #8 დაწესებულებაში, სადაც აუპატიურებდნენ, სცემდნენ და კლავდნენ ხალხს. სხვა ყველა დაწესებულებაში, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში, ბოლო დღემდე იყვნენ კრიმინალური ავტორიტეტები. დღევანდელი ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ისინი ნიშნავდნენ კრიმინალურ ავტორიტეტებს და ისინი იყვნენ გარიგებაში კრიმინალურ ავტორიტეტებთან", - განაცხადა მიხეილ ღურწკაიამ. 

ღურწკაიამ ეს განცხადება ინტერპრესნიუსთან საუბრისას გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მთავარ ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც აკაკი მინაშვილმა კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებების მართვის სქემა გამოაქვეყნა

კომენტარები