ეკონომიკის მინისტრი

გიორგი კვირიკაშვილი: მე ვაუქმებ დავით ბაქრაძესთან დათქმულ შეხვედრას

government.gov.ge

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ მასსა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატს დავით ბაქრაძეს შორის შეხვედრა გიორგი ვაშაძის განცხადების გამო აღარ გაიმართება.

"ცოტა ხნის წინ მე თანხმობა განვაცხადე დავით ბაქრაძესთან შეხვედრაზე, ქვეყანაში ეკონომიკის მიმდინარე საკითხებზე სასაუბროდ. სიტყვიერი შეთანხმებაც მქონდა, რომ შეხვედრა უნდა შემდგარიყო ოთხშაბათს ან ხუთშაბათს. დღეს შევთანხმდით, რომ შეხვედრა გაიმართებოდა ხვალ, 13:00 საათზე. ამის შემდეგ, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ გააკეთა სატელევიზიო განცხადება, სადაც კიდევ ერთხელ დახატა ქვეყანაში აპოკალიპტური სურათი და თქვა, რომ თურმე ეკონომიკის მინისტრი ვერ იცლის, რათა ნაციონალური მოძრაობისგან მიიღოს რჩევა. ვაშაძის განცხადებამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ნაციონალური მოძრაობის მხრიდან ეს შეხვედრა განიხილებოდა მხოლოდ და მხოლოდ როგორც წინასაარჩევნო პიარის ნაწილი და არა - რეალური სურვილი დიალოგისა. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მე ვაუქმებ დათქმულ შეხვედრას და მთელ პასუხისმგებლობას აღნიშნულის თაობაზე ვაკისრებ დავით ბაქრაძეს და ნაციონალურ მოძრაობას", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მინისტრის თქმით, ის რეალურად აცნობიერებდა, რომ "ამ შეხვედრიდან დადებითი შედეგის მოტანის ალბათობა ფაქტობრივად ნულის ტოლფასი იყო".

"ახლა მინდა, გასაგებად ვთქვა - მიუხედავად იმისა, რომ დავით ბაქრაძე არის პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და ერთ-ერთი ლიდერი ნაციონალური მოძრაობის, იმ პოლიტიკური ძალის, რომლის ხელმძღვანელობითაც წლების განმავლობაში გრძელდებოდა ქვეყანაში ეკონომიკის არასწორი მართვა, ბიზნესმენების ტერორი, კანონიერი ქონების წართმევა. ის იყო იმ პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც მხარი დაუჭირა სპეციალურად შექმნილ კანონს ერთი კონკრეტული ბანკის განადგურების თაობაზე, იმ ბანკის, რომელშიც მე წლების განმავლობაში გენერალურ დირექტორად ვმუშაობდი. ის იყო იმ ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც გაზრდილი საგარეო ვალის ხარჯზე ქმნიდა ეკონომიკის არარეალური ზრდის ილუზიას. ახლა გაუჩნდათ სურვილი, გვასწავლონ, თუ რა ეკონომიკური პოლიტიკით უნდა განვითარდეს ქვეყანა, იმ დროს, როდესაც ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ გაუმკლავდეს ძველ მემკვიდრეობას და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს რეალურად თავისუფალი ბიზნესის განვითარებას. მე მაინც ჩავთვალე, რომ ვინაიდან ვარ ეკონომიკის მინისტრი, არავითარი შემთხვევაში არ უნდა მეთქვა უარი ამ შეხვედრაზე. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნო, რომ რეალურად ვაცნობიერებდი, რომ ამ შეხვედრიდან დადებითი შედეგის მოტანის ალბათობა ფაქტობრივად ნულის ტოლფასი იყო", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს, 14 აგვისტოს, პრესკონფერენცია გამართა და Standard and Poor-ის ანგარიშს გამოეხმაურა, რომლის თანახმად საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2013 წელს 3.5% იქნება.

"ეკონომიკის უკუსვლის მიზეზად ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური გარემო სახელდება, მათ შორის, პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებები და პოლიტიკური ოპონენტების დევნა. ნეგატიურ ტენდენციებს ასევე იწვევს ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელოვანი შენელება, ეკონომიკისთვის საზიანო პოპულისტური და გაუაზრებელი განცხადებები, რომელთაც ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აკეთებენ და მთავრობის მიერ შემოღებული ხისტი რეგულაციები. კარგად გვახსოვს, როგორ იქცა თითქოსდა დასაქმებულთა უფლებების დაცვისკენ მომართული "შრომის კოდექსი" უმუშევრობის მაპროვოცირებელ კოდექსად. უდავოა, რომ აღნიშნული საგანგაშო ტენდენციების გაგრძელება საქართველოს საკრედიტო რეიტინგის დაწევას გამოიწვევს. საკრედიტო რეიტინგის დაწევის შედეგად, მნიშვნელოვნად დაიკლებს ინვესტიციები, რაც უმუშევრობის ზრდის არსებულ ტენდენციას კიდევ უფრო გაამწვავებს", - განაცხადა ვაშაძემ სპეციალურ ბრიფინგზე.

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატმა ისიც განაცხადა, რომ, მართალია, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკაში შექმნილ მძიმე ვითარებაზე შეხვედრისთვის მზაობა სიტყვიერად გამოთქვა, თუმცა ნაციონალურ მოძრაობაში ერთი კვირაა შეხვედრას უშედეგოდ ელოდებიან. 

კომენტარები